პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში ცვლილებების მოწინააღმდეგეებს პასუხობს. როგორც პარლამენტარმა „2030“-ის ეთერში განაცხადა, აღნიშნული კანონპროექტი კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში არ მოდის.
„კონსტიტუციასთან ნამდვილად არ არის შეუსაბამობა და იქ რამე თუ იყო დასაკონკრეტებელი, ყოველივე ამაზე იურიდიული კომიტეტის მხრიდან გამოითქვა გარკვეული დაზუსტებები, რაც ჩვენ გავითვალისწინეთ. საბოლოოდ ჩვენ უკვე გვაქვს იურიდიული კომიტეტის დასკვნა და მხარდაჭერა, რომ ჩვენ მიერ ინიცირებული კანონპროექტი პირველი საკომიტეტო მოსმენის დროს გათვალისწინებული შენიშვნებით აბსოლუტურად შეესაბამება კონსტიტუციას“, - განაცხადა დეპუტატმა.
ამასთანავე ეროვნული ბანკის კანონში დაგეგმილი ცვლილებების ინიციატორმა აღნიშნა, რომ ფუნქციების დუბლირებას ადგილი არ აქვს.
„ფუნქციების დუბლირება არ ხდება, რამდენადაც ეროვნული ბანკის იმ ნაწილს, რომელიც მონეტარულ პოლიტიკაზე აგებს პასუხს, რჩება სუყველა ინსტრუმენტი, რომელიც მას ამ ფუნქციის განსახორციელებლად სჭირდება. ხოლო რაც შეეხება მის მეორე ფუნქციას - საფინანსო ზედამხედველობას, მას განახორციელებს ამავე სტრუქტურაში შემავალი სსიპ-ი - საფინანსო ზედამხედველობის სააგანტო“, - განმარტა თამაზ მეჭიაურმა.
პრეზიდენტის მხრიდან მოსალოდნელი ვეტოს დადებასთან დაკავშირებით თამაზ მეჭიაური მოკლედ პასუხობს:
„ჩვენ მზად ვართ დავძლიოთ ვეტო!“