გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ხელშეკრულებას, რომელიც ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესებასა და განვითარებას, საქართველოს ფლორისა და ფაუნის დაცვას, ეკოტრუზმის განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას ითვალსწინებს, უწყებების პირველმა პირებმა მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის თანახმად, უწყებები კანონმდებლობით დადგენილ ისეთ ერთობლივ ღონისძიებებს განახორციელებენ, რომლებიც მიმართული იქნება თევზჭერისა და ნადირობის წესების დარღვევაზე დროულ რეაგირებასა და მათ პრევენციაზე.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული თევზჭერისა და ნადირობის დარღვევის თითოეული ფატქის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე შემოსული თითოეული ზარი ოპერატიულად გადაეცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ - „112“-ს რეაგირებისთვის. შესაბამისად, „112“-ში შემოსული დარღვევების შესახებ შეტყობინება ოპერატიულად გადაეცემა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზს ოპერტიული რეაგირებისთვის.
აგრეთვე, თევჭერისა და ნადირობის წესების დარღვევის თითოეულ ფაქტზე შეტყობინება გადაეცემა ფინანსთა სამინისტროს სსიპ - შემოსავლების სამსახურს, როდესაც სახეზეა საგადასახადო სამართალდარღვევის ნიშნები. (სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება და ა.შ)
ამასთან, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით, თევზჭერისა და ნადირობის სფეროში არსებული პრობლემების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ფინანსთა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებით დაკომპლექტდება. სამუშაო ჯგუფი აღნიშნული წესების დარღვევის ფაქტებს შეისწავლის და შესაბამის დასკვნებს მოამზადებს. ასევე, დაგეგმავს პრევენციულ ღონისიძიებებს პრობლემის თავიდან აცილების მიზნით.
უწყებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული თევზჭერისა და ნადირობის წესების დარღვევის პრევენციის და მათზე რეაგირების მიზნით, ერთობლივ ღონისძიებებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით და მინიჭებული კომპენტეციის ფარგლებში განახორციელებენ.