BSTDB-ს საქართველოსთან 123 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების 24 პროექტი აქვს გაფორმებული. როგორც დღეს შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის მიერ გამართულ ბიზნესფორუმზე - „მეწარმეობის განვითარება და კაპიტალის ხელმისაწვდომობა შავი ზღვის რეგიონში“, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, გაფორმებული პროექტებიდან 11 მიმდინარეა და მათი ჯამური ღირებულება დაახლოებით 65 მილიონ ევროს შეადგენს.
”ჩვენ ძალიან ვაფასებთ ბანკთან თანამშრომლობას. გამოვთქვამ იმედს, რომ დღევანდელი ღონისძიება კიდევ ერთი საშუალება იქნება ჩვენს ქვეყანაში ბანკის პორტფელის ზრდისა და დივერსიფიკაციის მიმართულებით, აგრეთვე რეგიონალური პროექტებისა და პროგრამების დაფინანსების კუთხით. ამასთან, იგი ხელს შეუწყობს წევრ სახელმწიფოებთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას.
მეტად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსთან 2015-2018 წლების თანამშრომლობის სტრატეგია, რომელიც ბანკმა მოამზადა, ითვალისწინებს მთავრობის პროგრამისა და პრიორიტეტების მხარდაჭერას და ამავე დროს პასუხობს თანამედროვე საბაზრო მოთხოვნებს: ბანკი განახორციელებს საქმიანობას საქონლისა და მომსახურების ექსპორტის მხარდაჭერის, ინფრასტრუქტურის განვითარების, მათ შორის, ენერგოეფექტიანობის კუთხით. გარდა ამისა, ბანკის საქმიანობით გათვალისწინებულია მცირე და საშუალო ბიზნესისა და ვაჭრობის დაფინანსებას”, აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა, ფორუმზე სიტყვით გამოსვლისა.
პრემიერ-მინისტრმა ფორუმზე საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და მიღწევებზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ საქართველომ დიდი გზა გაიარა საბაზრო ეკონომიკის პრინციპების კიდევ უფრო განვითარების, დემოკრატიისა და პლურალიზმის განმტკიცების კუთხით.
”აღსანიშნავია საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო წლებში გაწეული ის სამუშაო, რომლის საფუძველზეც ხელი მოეწერა ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას, რაც თავის მხრივ, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ევროპული ინტეგრაციისკენ. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, რომელიც ასოცირების შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილია, კარგ პერსპექტივას უქმნის ქართულ ბიზნესს ჩართულობის, ინვესტიციების მოზიდვისა და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. ჩვენი მიზანია ბიზნესის ხელშეწყობისა და კერძო სექტორის გაფართოების გზით ხელი შევუწყოთ ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლასა და ცხოვრების დონის ამაღლებას, რაც კიდევ უფრო დაგვაახლოვებს საერთო ევროპულ ოჯახს.
რეგიონში შექმნილმა რთულმა გეოპოლიტიკურმა ვითარებამ უარყოფითი გავლენა იქონია რეგიონის ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებაზე. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად მნიშვნელოვანი საგარეო შოკებისა, დღეის მდგომარეობით საქართველოში შენარჩუნებულია ეკონომიკური ზრდა და გაუმჯობესებულია ბიზნესგარემო როგორც საკუთრების უფლების დაცვის, ისე საგადასახადო ტვირთის კიდევ უფრო შემსუბუქებისა და საგადასახადო კანონმდებლობის ოპტიმიზაციის მიმართულებით. საქართველო არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მარტივი საგადასახადო სისტემის და დაბალი გადასახადების საოცრად ღია ქვეყანა. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ჩვენ გვაქვს სულ ექვსი ტიპის გადასახადი; საერთოდ არა გვაქვს სოციალური გადასახადი; ჩვენ გავაუქმეთ იმპორტის გადასახადი საქონლის თითქმის 80 პროცენტზე, დანარჩენზე კი გვაქვს 5 ან 12-პროცენტიანი განაკვეთი; გვაქვს ძალიან მარტივი საგადასახადო და საბაჟო პროცედურები და სხვა”, აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ, 19-21 ივნისს, საქართველო შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის (BSTDB) მმართველთა საბჭოს ყოველწლიურ შეხვედრას უმასპინძლებს, რომელიც მოიცავს დირექტორთა საბჭოს და მმართველთა საბჭოს შეხვედრებს, ასევე ბიზნეს ფორუმს. საქართველოს გარდა ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ თერთმეტი ქვეყნის მთავრობისა და ცენტრალური ბანკების მაღალი თანამდებობის პირები, საერთაშორისო ინსტიტუტებისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები.
20 ივნისს, სასტუმრო „თბილისი-მარიოტში“, შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის (BSTDB) დირექტორთა საბჭოს შეხვედრა გაიმართება.
21 ივნისს, სასტუმრო „თბილისი-მარიოტში“, შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის (BSTDB) მმართველთა საბჭოს მე-17 ყოველწლიური შეხვედრა გაიხსნება, რომლის თავმჯდომარეა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, BSTDB-ის მმართველი საქართველოს მხრიდან გიორგი ქადაგიძე.
შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი(BSTDB) წარმოადგენს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს. ბანკის დამფუძნებლები არიან: ალბანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბულგარეთი, საქართველო, საბერძნეთი, მოლდოვა, რუმინეთი და რუსეთი. მისი შტაბ-ბინა არის საბერძნეთში, სალონიკში. BSTDB ხელს უწყობს მისი წევრი ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებასა და რეგიონალურ თანამშრომლობას სესხების გაცემის, საკრედიტო ხაზების, პროექტებისთვის გარანტიისა და სახელმწიფო და კერძო სექტორებში სავაჭრო დაფინანსების მეშვეობით. ბანკის გაცხადებული კაპიტალი 3.45 მილიარდ ევროს შეადგენს. BSTDB -ს „სტანდარტ ენდ ფუარის“ (Standard and Poor’s) მიერ მინიჭებული აქვს გრძელვადიანი „A”, ხოლო „მუდისის“(Moody’s) მიერ - A2.