სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ზოოპარკიდან გაქცეული ვეფხვის თავდასხმის შედეგად ადამიანის გარდაცვალების გამო.
,,ამასთან ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მიერ, ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელება შესაბამისი კომპეტენციის მქონე უწყებებიდან მიღებულ ცნობებზე დაყრდნობით ხდება.აქედან გამომდინარე, მტაცებელი ცხოველების შესახებ ყველა ინფორმაციის გავრცელება განხორციელდა ზოოპარკის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით, რაზეც ყოველთვის ხდებოდა ხაზგასმა საბჭოს მიერ გაკეთებულ განცხადებებში. ასევე ეს ინფორმაცია მოწმდებოდა სხვადასხვა შესაბამის უწყებებთანზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ საჯაროდაც არაერთხელ დაადასტურა, რომ საშიშროება არ არსებობს და ყველა გარეული ცხოველი ან მოთავსებულია ვოლიერებში ან დაღუპულია, რაც სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით იქნა გავრცელებული”, _აცახდებენ უწყებაში.
განცხადების თანახმად, ყოველივე ზემოხსენებულის მიუხედავად, საბჭოს აპარატმა არაერთხელ გადაამოწმა ქ.თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციიდან ცხოველების შესახებ ინფორმაცია, რაზეც ყოველ ჯერზე ზოოპარკის ადმინისტრაციის პასუხი იყო, რომ მტაცებელი ცხოველები ზოოპარკის გარეთ არ იმყოფებოდნენ და შესაბამისად, მოქალაქეებისთვის საფრთხე არ არსებობდა.
ამასთან ერთად, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებმა არაერთხელ შესთავაზეს ზოოპარკის ადმინისტრაციას ცხოველების აღრიცხვაში დახმარება, რაზეც ზოოპარკის ადმინისტრაცია უარს აცხადებდა და ამბობდა, რომ, ის ამ საქმეს საკუთარი ძალებით განახორციელებდა.
ცხოველების შესახებ დაზუსტებული ინფორმაციის არსებობამდე საბჭომ მიმართა მოსახლეობას თხოვნით, თავი შეიკავონ ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისკენ და აუცილებლობის შემთხვევაში დაუკავშირდნენ 112-ს.