თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი მუსხელიშვილი აცხადებს, რომ რაიონში სტიქიის რამდენიმე ძირითადი კერაა.
დეპუტატის ინფორმაციით, სვანიძის ქუჩიდან სამაჟორიტარო ბიუროს დახმარებით და მერიის ფინანსური მხარდაჭერით, უსახლკაროდ დარჩენილ დაახლოებით 25 ოჯახს თავშესაფრებში გადაიყვანენ.
მისივე თქმით, სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი რაიონების სამაჟორიტარო ბიუროები მერიასთან და გამგეობებთან ერთად მჭიდრო კოორდინაციაში იმყოფებიან.
„მდინარე ვერეს ადიდების გამო დაზარალებული დასახლებიდან, ე.წ. წყნეთის ხევიდან 20 ოჯახს გადაიყვანენ თავშესაფრებში“, - აცხადებს დეპუტატი.
გიორგი მუსხელიშვილის განცხადებით, ასევე ცხელ კერად რჩება სოფელი ახალდაბა, რომლისკენ მიმავალ გზაზე ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერი ჩამოწვა და სოფელი გარე სამყაროს მოწყვიტა. „ახალდაბადან თბილისის მერიის და საკრებულოს ორგანიზებით, სასაზღვრო პოლიციის შვეულფმრენმა მოსახლეობის, ძირითადად, ქალებისა და ბავშვების ევაკუირება მოახდინა. სოფელ ახალდაბასა და ბეთანიაში იგივე შვეულმფრენით მოხდება დაახლოებით 180 ადამიანისთვის საკვები პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების ჩატანა“, - აცხადებს საკრებულოს დეპუტატი. მისივე განცხადებით, ვაკის გამგეობაში შექმნილ შტაბში სტიქიით დაზარალებული მოქალაქეებისთვის საკვებისა და ტანსაცმლის შეგროვება მიმდინარეობს.
„ამ პროცესში რაიონის გამგეობასთან, საკრებულოს მაჟორიტარების ბიუროებთან და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად, წითელი ჯვრის ორგანიზაცია და ადგილობრივი მოსახლეობაც მონაწილეობს“, - აცხადებს მუსხელიშვილი.
ამასთანავე, ვაკის რაიონის მაჟორიტარი აღნიშნავს, რომ ძლიერი წვიმის შედეგად თბილისში დაღუპული ადამიანების ცხედრები ამჟამად ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული და ბიურო ზრუნავს იმაზე, რომ თითოეული გარდაცვლილისთვის მისი რელიგიისა და აღმსარებლობის შესაბამისად მოხდეს პატივის მიგება, ხოლო დაღუპულთა დასაფლავების ხარჯებს თბილისის მთავრობა გაიღებს.