თბილისში, ძლიერი წვიმის გამო შექმნილი პრობლემების სალიკვიდაციოდ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, საგანგებო შტაბი შეიქმნა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საგანგებო შტაბის კოორდინაცია სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს დაევალა.
შტაბის შემადგენლობაში შედიან შინაგან საქმეთა სამინისტრო, თბილისის მერის და დედაქალაქის რაიონების გამგეობების წარმომადგენლები, რათა დაზარალებული მოსახლეობის დახმარება მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოხერხდეს.
საგანგებო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. ინფორმაცია, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ მიმდინარე და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ საზოგადოებას მუდმივ რეჟიმში მიეწოდება.