ქალაქ თბილისის მერია მოუწოდებს მოსახლეობას თავი შეიკავონ მდინარე ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე , ვაკე-საბურთალოს ახალი გზის მიმდებარედ გადაადგილებისაგან.
ადიდებულია მდინარე ვერე, რომელიც კალაპოტიდან გადმოვიდა და დატბორა მიმდებარე დასახლება, გზის სავალი ნაწილი და ავტომობილები.
მდინარის ადიდების გამო დატბორილია სახლები და გზა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, წყნეთის ხევის ქუჩაზე კრიტიკული ვითარების განმუხტვას მერიისა და საგანგებო სამსახურის ბრიგადები ცდილობენ.
თბილისში მოსული წვიმის გამო თბილისის მერიის ყველა სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს. კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის, სინათლის ქალაქის, თბილსერვისის, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისა და ათივე გამგეობის ჯგუფები დედაქალაქის მასშტაბით სტიქიას ებრძვიან.
ამ ეტაპზე რთული ვითარებაა თბილისის პრაქტიკულად ყველა უბანში. დაიტბორა დედაქალაქის არაერთი ქუჩა, დატბორილია სარდაფები და სახლების პირველი სართულები. დატბორილია, ასევე, რამდენიმე მიწისქვეშა გადასასვლელი.
გზა ჩავარდა ჯავახიშვილის ქუჩაზე, ისანში, რაზიკაშვილის ქუჩა 2-5 გამყოფი კედელი ჩამოიშალა. გზა ჩავარდა ასევე ასათიანის ქუჩაზე, მეწყერი ჩამოწვა წყნეთი-ბეთანიის გზაზე. ადიდებულია მდინარე ვერე, რის გამოც სერიოზული პრობლემები შეიქმნა წყნეთის ხევის ქუჩაზე. კედელი დაზიანდა ჩიქობავას ქუჩაზეც, გარე-განათების ქსელი გამოირთო ნუცუბიძის, პოლიტკოვსკაიას და ვაჟა-ფშაველას მეხუთე კვარტალში.