ვ. სანიკიძის სახელობის ვეტერანთა ჰოსპიტალი დანგრევის პირასაა, ამიტომ ვეტერანებისთვის სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრი თბილისის ზღვაზე აშენდება. ამის შესახებ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი შიხიაშვილმა განაცხადა.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან არსებული საკონსულტაციო-სათათბირო საბჭომ სასტუმრო „ამბასადორში" შეხვედრა გამართა, სადაც გენერლებმა და სხვადახვა დანაყოფების მეთაურებმა საბჭოს დებულების დამტკიცებას კენჭი უყარეს.
საბჭოს წევრებმა დღევანდელ შეხვედრაზე ვეტერანების სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნასთან დაკავშირებით იმსჯელეს და ვ. სანიკიძის ვეტერანთა კლინიკურ ჰოსპიტალში შექმნილი მდგომარეობა განიხილეს.
როგორც გაირკვა, ჰოსპიტალი თანამედროვე სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს და ვეტერანთა საჭიროებებზე არ არის ორიენტირებული.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის ირაკლი შიხიაშვილის განცხადებით, ბოლო დროს ვ. სანიკიძის სახელობის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალის ირგვლივ სხვადახვა სახის არასწორი ინფორმაცია ვრცელდება.
შიხიაშვილი მიიჩნევს, რომ გარკვეული დაინტერესებული ჯგუფების მიერ გაკეთებული განცხადებები ცალსახად ემსახურება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დისკრედიტაციას.
„ეს ხდება იმ დროს, როცა სამსახურმა ვეტერანებისთვის კონკრეტული პროექტების განხორციელება დაიწყო. დღეს ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი მიზანი ვეტერანთა ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ავამოქმედეთ ჯანდაცვის სხვადასხვა პროგრამა, დავაფინანსეთ ვეტერანებისთვის კომპიუტერული ტომოგრაფიისა და მაღალტექნოლოგიური კვლევების ჩატარება, მედიკამენტები, ოპერაციები, ყველაფერი ის, რაზეც ვეტერანებისთვის განკუთვნილი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ექსკლუზიური პაკეტი არ ვრცელდება. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ყოველწლიურად ჰოსპიტალში 800 ათასი ლარის ჯანდაცვითი სერვისების მომსახურებას უფინანსებს ვეტერანებს. დღეს ჰოსპიტალის პირობები არ შეეფერება თანამედროვე სტანდარტებს. ის დანგრევის პირასაა. შესაბამისად, ვეტერანებისთვის მაღალი დონის მომსახურების გაწევა ვერ ხერხდება. ამიტომ ჩვენ ვმუშაობთ ვეტერანებისთვის სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნაზე, რომლის აშენებაც თბილისის ზღვაზე იგეგმება. აქ თითოეული ვეტერანი შეძლებს ყველა სახის მაღალი დონის სამედიცინო მომსახურების სრულყოფილად მიღებას“,- განაცხადა შიხიაშვილმა.