თბილისის ვიცე-მერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ძველი თბილისის გარდამავალი სარეაბილიტაციო პროექტების ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები კალაუბანში, თუმანიანის ქუჩა N1-სა და N 3-ში მიმდინარეობს.
ვიცე-მერი ობიექტებზე არსებულ ვითარებას თბილისის განვითარების ფონდის წარმომადგენელ დავით ტალახაძესთან ერთად გაეცნო.
თუმანიანის ქუჩა N1 -ში უკვე მოეწყო საძირკველი, დაწყებულია სახლის კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობის პროცესი, ტარდება გარე და შიდა კედლების, გადახურვისა და კომუნიკაციების შეყვანის სამუშაოები. თუმანიანის ქუჩა N3-ში, საცხოვრებელი სახლი უკვე აშენებულია, მიმდინარეობს შენობის მოპირკეთება და ეწყობა ხის ჩუქურთმიანი აივნები. თუმანიანის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებისათვის 2 000 000 ლარია გამოყოფილი.
კალაუბანში მოეწყო წყალ-კანალიზაციისა და სანიაღვრე სისტემები. პროექტის ფარგლებში მოწესრიგდა საფეხმავლო და სამანქანო გზები, დამონტაჟდა გარე-განათების სისტემა და მთლიანად განახლდა უბნის ინფრასტრუქტურა. ამჟამად სარეაბილიტაციო სამუშაოები საცხოვრებელ სახლებს შემდეგ მისამართებზე უტარდება: სამღებროს ქ.N5, ჯვარედინისქ.N10, 4/6 და 2, გომის ქ.N6, 7, 8, 9, 17 და 18, ბეთლემის ქ. N23, 25, 2/6, 15, 17, 19, 19ა და ბეთლემის ჩიხი N9. კალაუბანში ამ ეტაპზე მიმდინარე სამუშაოებისათვის 451 963 ლარია გამოყოფილი.
კალაუბანსა და თუმანიანის ქუჩაზე მიმდინარე სამშენებლო - სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც თბილისის განვითარების ფონდი ახორციელებს, შემოდგომაზე დასრულდება. ფონდის მიერ საცხოვრებელი ფართის ქირით უზრუნველყოფილი 60-მდე ოჯახი საკუთარ სახლებში დაბრუნდება.