უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის პავლე კუბლაშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის "ხალხის ისეთ გუნდს წარადგენს, რომელსაც საზოგადოება მათ მიერ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯებით კარგად იცნობს".
"როგორია მმართველი პარტიის საარჩევნო სია, ამაზე საზოგადოება შეფასებას არჩევნების დღეს თავად გააკეთებს. თუმცა, მინდა ვთქვა, რომ ეს არის ის გუნდი, რომლის დამსახურება თბილისი დღეს იმაზე უკეთესი რომ არის, ვიდრე 5 წლის წინ იყო. მერობის კანდიდატი გიგი უგულავა და ის გუნდი, რომელსაც ცესკოში ჩვენ დღეს წარვადგენთ, შეძლებენ იმ პრობლემების დაძლევას, რომელიც დედაქალაქელების წინაშე ჯერ კიდევ დგას. ეს განსაკუთრებით დასაქმების საკითხებს შეეხება", - განუცხადა ცესკოში მისულმა კუბლაშვილმა ჟურნალისტებს, რომელიც რამდენიმე წუთში საარჩევნო კომისიას მმართველი გუნდის საარჩევნო სიას და თბილისის მერობის კანდიდატურას წარუდგენს.
აღსანიშნავია, რომ 68 კაციან სიას, რომელშიც 25 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია, დანარჩენი კი პროპორციულ სიას წარმოადგენს, კვლავ თბილისის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილი ხელმძღვანელობს. მეორე ნომერია არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალი თაობა - ახალი ინიციატივის" ყოფილი თავმჯდომარე კოკი იონათამიშვილი, მესამე - ხელოვნებათმცოდნე მარიან დიდებულიძე, მეოთხე - მწერალი ლაშა იმედაშვილი, ხოლო სიის მეხუთე ნომერი მერიის დასუფთავების სამსახურის უფროს ტარიელ ხიზანიშვილია.
ცესკოში დღესვე "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატის - გიგი უგულავას კანდიდატურის წარდგენაც მოხდება.