ჟურნალისტი ვახო სანაია თხოვნით მიმართავს თინა ხიდაშელს გამოხატოს თავისი პოზოცია სერგო ძაგნიძის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად დანიშვნასთან დაკავშირებით. როგორც ვახო სანაიამ „იმედის კვირაში“ განაცხადა, გიორგი სანაიას მკვლელობის საქმის გამომძიებლის დანიშვნამ ის გააოცა, რადგან, მისი თქმით, თავის დროზე ეს გამომძიებელი ამ საქმის გაყალბებაში მონაწილეობდა.
„ეს არის თავიდან ბოლომდე გაყალბებული საქმე და ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერში მონაწილეობდა, დღეს დანიშნულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად. <...> მე მინდა თავდაცვის მინისტრს მივმართო და მისი პოზოცია გავიგო. წლების განმავლობაში ის ადამიანის უფლებებისთვის იბრძოდა. მე მაინტერესებს, იზიარებს თუ არა თავდაცვის მინისტრი იმ პოზოციას, რასაც სამხედრო პოლიციის ხელმძღვანელი ამბობს და ამაყობს იმით, რომ თურმე ასე მაგრად გახსნა ეს საქმე. <...> მაინტერესებს ვისი რეკომენდაციით, როგორ და რანაირად მოხვდა ეს ადამიანი იმ თანამდებობაზე და აქვს თუ არა თავდაცვის მინისტრს მასთან ამ საკითხზე შეკითხვა“, - განაცხადა ვახო სანაიამ.
ამასთანავე ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ მან საქმის ხელახალი გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა მთავარ პროკურატურას, მაგრამ უწყებიდან უარყოფითი პასუხი მიიღო.