ძლიერმა სეტყვამ ქალაქი ახმეტა და მიმდებარე 5 სოფელი დააზარალა. განსაკუთრებით რთულია ვითარება სოფელ არგოხსა და ბაბანეულში, სადაც სეტყვამ თითქმის სრულად გაანადგურა ვენახები, ერთწლიანი ნარგავები და ბოსტნეული.
სტიქიამ დააზიანა სახლის სახურავებიც. ადგილობრივები ყვებიან, რომ სტიქია 10-15 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.
წვიმისა და სეტყვის შედეგად დაზარალდა თიანეთის მოსახლეობაც. სეტყვას რეგიონში ძლიერი ქარიც დაემატა, რის გამოც დაზიანებულია ადმინისტრაციული შენობებიც.
მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. ისინი აცხადებენ, რომ თუ სახელმწიფო არ დაეხმარება მათ არანაირი შემოსავლის წყარო აღარ გააჩნიათ.
სტიქიის ზონებში ჩავიდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მუშაობა დაიწყო ზარალის შემსწავლელმა სპეციალურმა კომისიამაც.
მეტეოროლოგები, აღმოსავლეთ საქართველოში, უახლოეს დღეებში ისევ წვიმას პროგნოზირებენ.