ავღანეთში, მოწინავე ბაზა „ორბზე“ მომხდარი ტრაგედიიდან ორი წელი გავიდა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ბაზაზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილი 7 ქართველი ჯარისკაცის სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი კაპელანმა, მამა ზაზამ თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე არსებულ მთავარანგელოზთა დასის სახელობის ტაძარში გადაიხადა.
ღვთისმსახურებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალი, პოლკოვნიკი ალექსანდრე კიკნაძე და დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების თანამებრძოლები დაესწრნენ.
IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები - კაპრალები თეიმურაზ ორთავიძე, გიორგი ადამოვი, ბორის ცუგოშვილი, პირველი კლასის რიგითები ზურაბ გურგენაშვილი, ზვიად სულხანიშვილი, გიორგი ღუჭაშვილი და რიგითი მიხეილ ნარინდოშვილი ჰელმანდის პროვინციაში 2013 წლის 6 ივნისს მოწინავე საპატრულო ბაზა „ორბზე“ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ.
დღესვე, დაღუპული გმირების ოჯახებს თანამებროლებმა თავდაცვის მინისტრის სახელით თანაგრძნობის წერილები და გვირგვინები გადასცეს.