მოკლული ლაშა მახარაძის დედა ნაფიცი მსაჯულების მიმართ ზეწოლაზე საუბრობს. როგორც მან გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა, მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძე სასამართლო პროცესზე სხვადასხვა ჟესტიკულაციით ემუქრებოდა ნაფიც მსაჯულებს.
„ოქროპირიძე საკმარისად იკავებდა თავს, რომ არ გამოემჟღავნებინა თავისი ნამდვილი სახე, მაგრამ მან ბოლომდე ვერ შეიკავა თავი და ხელის მინიშნებებით, პირის მოძრაობებით, თავზე [საფეთქელზე] ხელის მიდებებით არა მარტო ნაფიცების მიმართ, ჩემს მიმართაც, გვანიშნებდა „გაგიხვრიტავთ შუბლსო“. უნდოდა, რომ ყველა შეეპყრო დიდი შიშით“, – განაცხადა ლაშა მახარაძის დედამ და აღნიშნა, რომ ეს იყო შესაძლო მიზეზი იმისა, რომ სასამართლო პროცესზე საბოლოო გადაწყვეტილება ოქროპირიძის ბრალეულობასთან დაკავშირებით ვერ იქნა მიღებული. ამასთანავე მან აღნიშნა, რომ დამნაშავეს სამუდამო პატიმრობა უნდა მიესაჯოს.
ამ წუთებში მრგვალ ბაღში შეკრებილები არიან ლაშა მახარაძის ახლობლები და მოქალაქეები, რომლებიც აგროვებენ ხელმოწერებს მოთხოვნით: მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძე პატიმრობაში დარჩეს.