ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ბიძინა ივანიშვილისა და სავალუტო ფონდის წარმომადგენლის პრივატულ შეხვედრას იხსენებს და ადასტურებს, რომ ყოფილ პრემიერს მართლაც სთხოვეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი არ დაეჭირათ.
მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი განცხადების კომენტირებისას ასევე განაცხადა, რომ მაშინ პრემიერმა პირადულზე მაღლა სახელმწიფოებრივი ინტერესი დააყენა.
,,ბიძინა ივანიშვილი მაშინ პრემიერ-მინისტრი იყო და სავალუტო ფონდის მისიასთან შეხვედრა გვქონდა. მე, როგორც ფინანსთა მინისტრი ამ შეხვედრას ვესწრებოდი.. შეხვედრის დასრულების შემდეგ, სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა პრემიერ-მინისტრთან პირისპირ დარჩენა ითხოვა.. შემდეგ ბატონმა ბიძინამ თქვა, რომ სწორედ ამ საკითხზე იყო საუბარი. ბატონმა ბიძინამ ბრძანა, რომ ეს საქმე მის პირადს ეხებოდა. მან საზოგადოებრივი ინტერესი პირადზე წინ დააყენა, მაგრამ განაცხადა, რომ თუ ზოგადი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო კითხვები არსებობს, ამაზე, რა თქმა უნდა, რეაგირება უნდა მოხდეს“, - განმარტა ნოდარ ხადურმა.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელის თხოვნის გათვალისწინებით, არ დაიჭირა. ყოფილმა პრემიერმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ,,ქართუ ბანკის” საკითხი ,,მისი პირადი” იყო და შეეძლო გადაწყვეტილება თავად მიეღო.
,,საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებაც იცოდნენ, რომ მან კანონი დაარღვია, ის კი არ უთქვამთ, დასაჭერი არ არისო. ჩვენ ვიცით, რომ ის დასაჭერია, მაგრამ იქნება აპატიოთო. მეც ვუთხარი, რომ რაც პირადულია, შემიძლია გავაკეთო და პროკურატურაში განცხადების მსვლელობა შევაჩერე, რაზეც ჯავახიშვილი ძალიან განაწყენდა, მაგრამ ვინც თხოვა, იმასაც და თვითონ გიორგი ქადაგიძესაც განვუმარტე, რომ სახელმწიფოს წინაშე თუ აქვს დარღვევა ჩადენილი, მე ხელს ვერ დავაფარებდი", - განაცხადა ივანიშვილმა.
საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია, ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებაზე ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს.