3 ივნისს „ნიუ ჰოსპიტალსში“ ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს სმენის აღდგენასთან დაკავშირებული ურთულესი ოპერაციების ჩატარებას და ქართველ და გერმანელ ექიმებს შორის სამომავლო თანამშრომლობის გეგმებს.
მემორანდუმის საფუძველზე „ნიუ ჰოსპიტალსი“ გერმანიაში, როსტოკის საუნივერსიტეტო კლინიკაში დახელოვნებისთვის მიავლენს ფიზიკოსსა და ლოგოპედს, რაც მყარ საფუძველს ჩაუყრის ძლიერი გუნდის ჩამოყალიბებას „ნიუ ჰოსპიტალსში“ იმპლანტირებული პაციენტების რეაბილიტაციისთვის. მემორანდუმს ხელს მოაწერენ „ნიუ ჰოსპიტალსის“ გენერალური დირექტორი ნიკა ოქრიაშვილი და ოტო კორნერის საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი პროფესორი რობერტ მლინსკი.
მემორანდუმის ფარგლებში პროფესორი რობერტ მლინსკი პერიოდულად ჩამოვა და „ნიუ ჰოსპიტალსის“ ოტორინოლარინგოლოგებთან ერთად ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებების ურთულეს ოპერაციებს ჩაატარებს. ეს არის პირველი ნაბიჯი ევროპული დონის ყურის ქირურგიის განვითარებისა საქართველოში. ამ ვიზიტის ფარგლებში, დასრულდება მოსამზადებელი სამუშაოები და მომავალი წლიდან „ნიუ ჰოსპიტალსში“ კოხლეარული იმპლანტაციები დაიგეგმება.