დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ და ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ, ასევე წარმომადგენლობითი ორგანოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ ნუგზარ მალაღურაძემ, საერთაშორისო ქართულ-ფრანგული ასოციაცია GFA-ს პრეზიდენტს კატრინ ღუსსელს ფიროსმანის ქუჩის ინფრასტრუქტურა და ამავე ქუჩაზე მდებარე დიდი ქართველი მხატვრის, ნიკო ფოროსმანის ბინა-მუზეუმი დაათვალიერებინეს.
როგორც რიმა ბერაძემ განაცხადა, მიმდინარე წლის 1 ივნისს, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმადაც, GFA დედაქალაქის საკრებულოს საფრანგეთის ერთ-ერთ ქალაქთან მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბებაში შეუწყობს ხელს.
ეს კი მხარეებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების, ვაჭრობისა და ინვესტირების მოზიდვის, ასევე სოციალური, სამოქალაქო, სამეცნიერო-ტექნოლოგიური, პროფესიული საქმიანობის ფარგლებში გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კატრინ ღუსსელმა სურვილი გამოთქვა, პირადად გაცნობოდა ფიროსმანის ქუჩაზე არსებულ მდგომარეობას, ინფრასტრუქურას და რაც მთავარია, ნიკო ფიროსმანის მუზეუმში არსებულ სიტუაციას. შესაბამისად, დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ როგორც მუზეუმთან, ასევე ქუჩის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით, მას ჩვენი რეკომენდაციები წარვუდგინოთ.
მოგეხსენაბათ, გუშინ საკრებულოსა და ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის საფუძველზეც იგი ინვესტორების მოძიებაში დაგვეხმარება“-აღნიშნა რიმა ბერაძემ.