პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან დაკავშირებული მოვლენები პოლიტიზირებული და ხელოვნურად შექმნილი იყო. როგორც მან მთავრობის დღვანდელ სხდომაზე აღნიშნა, ცენტრისთვის ახალი შენობის აშენება იგეგმება.
„ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი არ არის მხოლოდ ერთი რომელიმე უწყების კუთვნილება, ეს არის ჩვენი სახელმწიფოს უდიდესი საგანძური. იქ ინახება მსოფლიო მნიშვნელობის ხელნაწერები, რომლებიც ძალიან ძვირფასია თითოეული ჩვენგანისთვის. წლების განმავლობაში, მთავრობები ცენტრს ყურადღებას არ აქცევდნენ და ახლა აღმოჩნდა ის ყველასთვის მნიშვნელოვანი, მათ შორის ჩვენი ოპონენტებისთვის, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს მათ ფარისევლობაზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, მთავრობის მეთაურის დავალებით, ცენტრის ფონდებში არსებულ ვითარებას სახელმწიფო კომისია შეისწავლის, რამდენიმე კვირაში ხელფასების ზრდის პროცესი დაიწყება, აშენდება ახალი შენობა, რომლის პროექტირება წლის ბოლომდე დასრულდება.
ირაკლი ღარიბაშვილმა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და იმედი გამოთქვა, რომ ცენტრის ახალი დირექტორი, ზაზა აბაშიძე, დაკისრებულ მოვალეობას თავს ღირსეულად გაართმევს.
შეგახსენებთ, ხელნაწერთა ცენტრის თანამშრომლები დირექტორის არჩევის უფლების სამეცნიერო საბჭოებისთვის დაბრუნებას, მაკონტროლებელი ორგანოს შეცვლას და ჩატარებული კონკურსის შედეგების გაუქმებას ითხოვენ. ამ კონკურსის შედეგად ხელნაწერთა ცენტრის ხელმძღვანელად ზაზა აბაშიძე დაინიშნა. მან ბუბა კუდავა შეცვალა, რომელიც თანამდებობიდან განათლების სამინისტრომ გადააყენა.