გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში, ხევისუბანში მოსახლეობის ევაკუაცია განახლდა. საპატრულო პოლიციის და საგანგებო სიტუაციების სამმართველოს თანამშრომლებმა მოსახლეობას საცხოვრებელი სახლების დატოვებისკენ მოუწოდეს.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს რეგიონის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გიორგი სიბაშვილმა განუცხადა, სოფელ ჭერემთან მდებარე წყალსაცავზე პრევენციული ღონისძიებები ტარდება, თუმცა ძლიერი წვიმის გამო სამუშაო შეფერხებით მიმდინარეობს.
შსს-ის საგანგებო სიტუაციების სამმართველოს უფროსის მოადგილის ფრიდონ სადუნიშვილის განცხადებით, რისკის ზონაში მოსახლეობის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, რის გამოც მათ მიეცათ გაფრთხილება მდინარე ჭერმის ხევის მიმდებარე ტერიტორია დაუყოვნებლივ დატოვონ.
შეგახსენებთ, რომ ჭერმის წყალსაცავში, რომელიც სოფლის თავში მდებარეობს, წვიმების შედეგად წყლის რაოდენობა გაიზარდა, დამცავი ჯებირი დაზიანდა და წყლის გადმოვარდნაა მოსალოდნელი. აღნიშნულის გამო, გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში საგანგებო მდგომარეობაა.