დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „თბილისელების’’ თავმჯდომარემ, ვაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი მუსხელიშვილმა რაიონის გამგებელთან ლაშა აბაშიძესთან ერთად წყნეთში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
დეპუტატის განცხადებით, წყნეთში 45 მისამართზე 1100-მდე დევნილის საცხოვრებელი სახლი გამაგრდება და გადაიხურება.
ასევე გარემონტდება სადარბაზოები და კიბეები, ხოლო წყალგაყვანილობისა და საკანალიზაციო ქსელი კი მთლიანად გამოიცვლება.
„კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდიდან უამრავი საყოფაცხოვრებო და ინფრასტრუქტურული პრობლემა დაუგროვდათ.
მინდა აღვნიშნო, რომ დღეის მდგომარეობით, ეს პრობლემები ნაწილობრივ გადაჭრილია, თუმცა, სარეაბილიტაციო და აღდგენითი სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ თბილისის საკრებულო რაიონის გამგეობასთან ერთად აღნიშნული პრობლემების გონივრულ ვადაში მოგვარების მიზნით ყველა ღონეს იხმარს,“-განაცხადა გიორგი მუსხელიშვილმა.
დღესვე გიორგი მუსხელიშვილი წყნეთში კომანია „ვისოლ ჯგუფის“ სუპერმარკეტის „სმარტის“ ფილიალისა და რესტორანის „დანქინ დონატსი“ გახსნას დაესწრო.
დეპუტატის განცხადებით, ახალ ობიექტებზე შესაბამისი ტრენინგის გავლის შემდგომ 70-მდე ადგილობრივი მოსახლე დასაქმდა.
,,ვფიქრობ, მსგავსი ობიექტების გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ხელს უწყობს როგორც მოსახლეობის დასაქმებას, ასევე ხელმისაწვდომს ხდის ხარისხიანი პროდუქტით სარგებლობის შესაძლებლობასაც’’,-განაცხადა გიორგი მუსხელიშვილმა.