ჭერემისთავის წყალსაცავზე გეოლოგებისა და საგანგებო სიტუაციების ჯგუფები ისევ მუშაობს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" კახეთის გუბერნატორის პრესსამსახურში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, ამ წუთებში სპეციალისტების წყალსაცავის დაზიანებული სარქველის გახსნას ცდილობენ, რომლიც დაგუბებულ წყალს აკავებს და სოფელ ველისციხეს დატბორვით ემუქრება.
"ჭერემის წყალსაცავზე წვიმის მიუხედავად ამ წუთებშიც სპეციალისტები მუშაობენ. მიუხედავად იმისა, რომ კახეთში წვის და 24 აპრილს კიდევ ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. ყველა პრევენციული ღონისძიება გატარებულია, რომ ველისციხის დატბორვას თავიდან ავიცილებთ. სოფლის მოსახლეობა ჩვენს თხოვნას, უსაფრთხოების მიზნით სახლებიდან ევაკუაციის შესახებ დადებითად მოეკიდნენ და ყოველგვარი გართულების გარეშე პრევენციის მიზნით მათი სოფლიდან გამოყვანა მოხდა", - აცხადებენ გუბერნატორის პრესსამსახურში.
კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის, გიორგი სიბაშვილის განცხადებით, წყლის დონის მომატების შედეგად დაზიანებული დამცავი ჯებირის გარკვეული გამაგრებითი სამუშაო უკვე შესრულებულია. ასევე, ადგილზე შესაბამისი ტექნიკაა მობილიზებული და საგანგებო სიტუაციათა სამსახურები ჯებირის შეკეთებას საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ.
შეგახსენებთ, რომ კახეთში, სტიქიური უბედურების თავიდან აცილების მიზნით, საგანგებო შტაბი მუშაობს. გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში წყალდიდობის საფრთხის გამო გვიან ღამით 700-მდე ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ძლიერი წვიმის შედეგად ჭერემისთავის წყალსაცავში წყლის დონის მომატებამ დამცავი ჯებირი დააზიანა და სოფელ ველისციხეს დატბორვის საფრთხე შეიქმნა. რისკის ზონაში მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია საღამოს დაიწყო და დილამდე გაგრძელდა. ველისციხელების ნაწილი მეზობელ სოფლებში ახლობლებთან, ზოგი კი კულტურის სახლის შენობაში შეასახლეს.
წუხელვე ველისციხეში გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე, შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი ჩავიდნენ.
წყალსაცავი, რომელიც ველისციხეს დატბორვის საფრთხეს უქმნის, 10 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს და 28 მეტრის სიღრმის არის. ჭერმის წყალსაცავთან უკვე მუშაობს მძიმე ტექნიკა. ყველაფერს კეთდება, რომ წყალსაცავის ნელი რეჟიმით დაცლა მოხდეს.
კახეთის საინფორმაციო ცენრტის ფოტო