საქართველოს ხელისუფლება ევროსასამართლოში ქართველთა ეთნოწმენდის შესახებ მასალების გაგზავნას გეგმავს.
აღნიშნული მასალა დღეს პარლამენტში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის სხდომაზე განიხილეს, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სხდომაზე აუდიო მასალის ნაწილი მოისმინეს, სადაც თვითმხილველები ქართველთა წამების მძიმე ფაქტებზე საუბრობენ.
მთავარი პროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძის განცხადებით, სამართლებრივი კუთხით კიდევ ბევრია გასაკეთებელი. კერძოდ კი, მასალები ელექტრონულად უნდა დამუშავდეს და სამართლებრივი კვალიფიკაცია მიენიჭოს.
შოთა მალაშხიას ინფორმაციით, ამ ეტაპზე სულ 80 ფაქტია ჩაწერილი და 200 განცხადებაა შესული, თუმცა ფაქტების შეგროვება კვლავ გრძელდება.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ მასალაზე კომისია აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სამი თვის განმავლობაში მუშაობდა.