საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომაზე გამოითქვა სურვილი, მოხდეს განათლების სამინისტროს ახალი პროექტის განხილვა, რადგან აღზრდის საკითხი უმნიშვნელოვანესია და რიგ საკითხებზე კითხვები არ უნდა რჩებოდეს.
"არის საუბარი ახალ პროექტზე, რომლის დანერგვას განათლების სამინისტრო აპირებს. ეს არის ახალი სახელმძღვანელოები III-IV და V-VI კლასელებისთვის, "მე და საზოგადოება", ასევე მეორე სახელმძღვანელოა "მე და სამშობლო". გამოითქვა სურვილი, რომ განათლების სამინისტრო ვიდრე იგი დანერგავს ამ საკითხს, ვიდრე სასწავლო პროგრამაში შეიტანს, მოხდეს ამ პროექტის განხილვა, როგორც ეკლესიის ასევე საზოგადოდ რელიგიური ორგანიზაციების მონაწილეობით და ფართო საზოგადოების ჩართვით. შესაბამისად, ეს სახელმძღვანელო, რა თქმა უნდა, გამიზნულია სწორედ ამ მიმართულებით, რომ აღზრდის თემას ყურადღება დაეთმოს, მაგრამ რჩება მთელი რიგი საკითხები, რომელიც პასუხის გაცემას ითხოვს", - განაცხადა ჟურნალისტებთან სხდომის მდივანმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლ ბერბიჭაშვილმა.
მისივე თქმით, განათლების კანონში საუბარია ეროვნულ ღირებულებებზე და გამოითქვა სურვილი დაკონკრეტდეს, რა იგულისხმება ეროვნულ ღირებულებებში. მეუფის განცხადებით, საჭიროა მეტი კონკრეტიკა, რათა აქაც ზედმეტი კითხვის ნიშნები არ იყოს.