საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით დემოგრაფიული განვითარების ფონდი შეიქმნება. დღევანდელი სხდომის მდივანმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლ ბერბიჭაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ წმინდა სინოდის სხდომაზე განხილული იყო ერისთვის, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები. მისივე თქმით, ერთ-ერთ ძალიან პრობლემურ საკითხად დემოგრაფიული მდგომარეობა დასახელდა და რაზეც სინოდმა მეცნიერის მოხსენება მოისმინა.
"წმინდა სინოდმა მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის თავმჯდომარეობით დაადგინა, რომ აუცილებლად უნდა შექმნას დემოგრაფიული განვითარების პროგრამა, სადაც კონკრეტულად გაიწერება ყველაფერი, რაც ხელს შეუწყობს ამ მდგომარეობის გაჯანსაღებას. რა თქმა უნდა, აღინიშნა, რომ ეს უნდა მოხდეს საქართველოს მთავრობასთან ერთობლიობაში. შესაბამისად გადაწყდა, რომ უნდა შეიქმნას ფონდი, რომელიც ამ პროგრამის ფარგლებში შესაბამისი საკითხის ხელშეწყობის მიზნით, კონკრეტულ პროექტებს განახორციელებს", - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.