თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი ბერეკაშვილმა ტრადიციული რეწვის ოსტატებს სერტიფიკატები გადასცა.
ტრადიციული რეწვის ოცი ოსტატი მერიამ „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან“ და ხელოვნების საერთაშორისო ცენტრ „ისტორიალთან“ თანამშრომლობით გადაამზადა. ადგილობრივი ტრადიციული რეწვის ოსტატებს ტრენინგი ბიზნესის დაგეგმვის მიმართულებით ჩაუტარდათ.
თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის ირაკლი ბერეკაშვილის განცხადებით, ტრადიციული რეწვის ოსტატებს ტრენინგზე მიღებული ცოდნა საკუთარი შემოქმედების ბიზნესად გადაქცევასა და შემდგომ განვითარებაში დაეხმარება.
ტრადიციული რეწვის ოსტატებმა გადამზადება სამი დღის განმავლობაში გაიარეს. ტრენინგში მონაწილე პირები „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა“ და ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა „ისტორიალმა“ კონკურსის შედეგად შეარჩიეს.
პროექტი „ბიზნესის დაგეგმვის მიმართულებით ტრადიციული რეწვის ოსტატების გადამზადება“ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურული პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. პროგრამა სამხრეთ კავკასიის რეგიონში ტრადიციული რეწვის ხელშეწყობას, განვითარებასა და პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.