ნატოს გენერალური მდივნის ანდრეს ფოგ რასმუსენის შეფასებით, ყირიმში რუსეთის შავი ზღვის ფლოტისთვის ვადის 25 წლით გახანგრძლივება უკრაინის ნატოში გაწევრიანებას ხელს არ შეუშლის.
ამის შესახებ რასმუსენამ ტალინში, ავღანეთის მისიაში მონაწილე ქვეყნების საგრეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა.
"ეს ორმხრივი შეთანხმებაა და ეს არ ეხება ჩვენს არც რუსეთთან და არც უკრაინასთან ურთიერთობას. აღნიშნული შეთანხმება უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებს ხელს არ უშლის", - აღნიშნა რასმისენმა.
ამასთან, ნატოს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ალიანსის პოზიცია 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ არ შეცვლილა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრი ქვეყნები გახდებიან.
"ჩვენ ავღნიშნეთ, რომ უკრაინა, ასევე საქართველო ნატოს წევრი ქვეყნები გახდებიან, თუ მათ ამის სურვილი ექნებათ და აუცილებელ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ", - აცხადებს ალიანსის გენმდივანი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტს უკრაინაში ყოფნის ვადა 25 წლით გაუხანგრძლივდა. აღნიშნულ დოკუმენტს ხელი რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა მოაწერეს.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის დუმა ყირიმში რუსეთის შავი ზღვის ფლოტისთვის ვადის გაგრძელების შეთანხმების რატიფიცირებას სავარაუდოდ 27 აპრილს მოახდენს.