თსუ-სა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, მემორანდუმს ხელი თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორმა თეიმურაზ ბარკალაიამ მოაწერეს.
უნივერსიტეტის ინფორმაციით, მემორანდუმის მიზანია ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვით მედიცინის სფეროში კვალიფიციური კადრების მომზადება, პროფესიული ცოდნისა და აუცილებელი პრაქტიკული უნარ-ჩვევების ათვისება და დახვეწა. ცენტრის საჭიროებებისა და მიზნებიდან გამომდინარე, უნივერსიტეტი საგამოცდო, საატესტაციო და სხვა ღონისძიებების ორგანიზებას უზრუნველყოფს.
უნივერსიტეტის განცხადებით, სტუდენტებს ეძლევათ საშუალება გაიარონ პრაქტიკული კურსი უშუალოდ სასწრაფო დახმარების ცენტრში, ტრენინგ ცენტრის დახმარებით მიიღონ დამატებით ინფორმაციები, რაც მიღებული ცოდნის გაღრმავებაში ხელს შეუწყობს.
თსუ-ს რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, მემორანდუმი სტუდენტებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.
"კვალიფიციურ ექიმად ვერ ჩამოყალიბდება სტუდენტი, თუ მას უშუალო კონტაქტი ავადმყოფთან არ ექნა. ექსტრემალური პირობების შესწავლა-შეთვისება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. იმედია, ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება," - დასძინა პაპავამ.
სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის თეიმურაზ ბარკალაიას თქმით, კი მემორანდუმის გაფორმება მნიშვნელოვანია, რადგან მედიცინის მუშაკთა ახალი თაობა პაციენტის მოვლას, პირველ შეხვედრას, გადაუდებელი დახმარების აღმოჩენას მათთან ისწავლის.