უძრავ ნივთზე საკუთრების ხელყოფის, ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის ადმინისტრაციული (არასასამართლო) წესის გაუქმებას ბიზნეს ომბუდსმენის აპარატი ეწინააღმდეგება და განმარტავს, რომ აღნიშნულის დაკანონება ქვეყანაში მესაკუთრეთა უფლებრივ მდგომარეობას გააუარესებს. უფრო კონკრეტულად კი გაზრდის ბიზნესსუბიექტების ხარჯებს და დროში გაახანგრძლივებს მათი უფლების დაცვის პროცესს.
"საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს მესაკუთრის უფლებას არა სასამართლო, არამედ ადმინისტრაციული წესით დაიცვას თავისი საკუთრება მესამე პირების მხრიდან განხორციელებული უკანონო ქმედებისგან (საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლისგან). აღნიშნული წესი ალტერნატიული საშუალებაა და არ ზღუდავს პირის უფლებას პირდაპირ მიმართოს სასამართლოს.
19 მაისს, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა საკუთრების უფლების დაცვის ადმინისტრაციული (არასასამართლო) წესის გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივის სახით დარეგისტრირების საკითხი. ჩვენი ინფორმაციით, კომიტეტმა მხარი დაუჭირა ამ იდეის საკანონმდებლო ინიციატივის სახით დარეგისტრირებას და იწყება კანონპროექტის განხილვები.
ამ საკითხზე გვაქვს ცალსახად უარყოფითი პოზიცია. მიგვაჩნია, რომ უძრავ ნივთზე საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის ადმინისტრაციული (არასასამართლო) წესი საკუთრების უფლების დაცვის ეფექტური საშუალებაა და აღნიშნული წესის გაუქმება გააუარესებს მესაკუთრეთა უფლებრივ მდგომარეობას. კერძოდ, გაზრდის ბიზნეს სუბიექტების ხარჯებს და დროში გაახანგრძლივებს მათი უფლების დაცვის პროცესს. შესაბამისად, წარმოდგენილი ცვლილების მიღება მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია.
ცხადია, გვესმის, რომ სამოქალაქო კოდექსის ზემოაღნიშნულ ნორმას აქვს გარკვეული ხარვეზი, თუმცა ამას სჭირდება დახვეწა და არა გაუქმება. ნორმის ხარვეზი არ არის მისი გაუქმების საფუძველი, თუ კი ეს ნორმა პირის უფლებისა და კანონიერი ინტერესის დაცვას ემსახურება. აღნიშნულის თაობაზე 23 იანვარს წერილობითაც ვაცნობეთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს, როდესაც ეს იდეა ჯერ კიდევ დამუშავების ეტაპზე იყო და გამოვთქვით მზადყოფნა ჩავერთოთ ხარვეზების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის პროცესში", აცხადებენ ბიზნეს ომბუდსმენის აპარატში.
შეგახსენებთ, რომ 19 მაისს გამართულ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე "საქართველოს სამოქალაქო კოდექსში", "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში", "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონში და "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტების ინიცირების საკითხზე იმსჯელეს.
კანონპროექტებით წარმოდგენილი ცვლილებები საპოლიციო გამოსახლების საკითხებს შეეხება. როგორც საკითხის თაობაზე მომხსენებელმა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, პაატა კიკნაველიძემ განაცხადა, კანონპროექტების მიზანია, უძრავი ქონებიდან სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე მფლობელის გამოსახლების შესაძლებლობის გაუქმება. ამის შედეგად, ფორმალურ მესაკუთრესა და ფაქტობრივ მფლობელს შორის წარმოშობილ სამართლებრივ დავას განიხილავს და გადაწყვეტს პოლიტიკურად ნეიტრალური ხელისუფლება - სასამართლო.
აღსანიშნავია, რომ კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს იურიდიული კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტების პარლამენტისთვის წარდგენას.