საქართველოს შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის დავალებით, გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში, საიდანაც მაშველებმა მოსახლეობის ევაკუირება მოახდინეს, სპეციალური დანიშნულების რაზმი განლაგდა.
რაზმის დანიშნულებას მოსახლეობის მიერ მიტოვებული ოჯახების დაცვა და საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფა, ასევე საჭიროების შემთხვევაში სამაშველო სამსახურისთვის დახმარების გაწევა წარმოადგენს.
ველისციხეში ამ დრომდე იმყოფებიან გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე, კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი, საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ქადაგიძე და სხვა სამსახურების წარმომადგენლები. ჯანდაცვის სამინისტროს დავალებით, სოფელში მობილიზებულია თელავის და გურჯაანის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები აკვირდებიან ჭერმის წყალსაცავზე არსებულ ვითარებას, საიდანაც სოფელ ველისციხეს საფრთხე ემუქრება.
რეგიონის გუბერნატორმა გიორგი ღვინიაშვილმა ველისციხის მაცხოვრებლებს, გარდა მდინარე ჭერმის პირას მცხოვრები ოჯახებისა, სახლებში დაბრუნებისკენ მოუწოდა. ასობით ადამიანი ამ დრომდე ქუჩაშია. ევაკუირებული მოსახლეობის ნაწილი თავს მეზობელ სოფლებში მცხოვრებ ნათესავებს აფარებს, ნაწილი კი ველისციხის კულტურის სახლში დაბანაკდა.
შეგახსენებთ, რომ წვიმების შედეგად სოფელ ჭერმის თავში მდებარე წყალსაცავში წყლის რაოდენობა გაიზარდა, დამცავი ჯებირი დაზიანდა და შესაძლოა, რომ წყალი გადმოვიდეს და ველისციხეს გადაუაროს. ჭერმის წყალსაცავი 10 ჰა ტერიტორიას მოიცავს და 28 მ სიღრმისაა.