გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში პანიკას მსხვერპლი მოჰყვა. ადგილობრივ მცხოვრებ ქალბატონს შიშისგან გული გაუსკდა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს, ინფორმაცია გურჯაანის სასწრაფო სამედიცინო სამსახურში დაადასტურეს.
გურჯაანის რაიონული საავადმყოფოს მთავარი ექიმის გელა ორველაშვილის განცხადებით, საავადმყოფოში ველისციხიდან ერთი ქალბატონია მოთავსებული ინსულტით.
შეგახსენებთ, რომ წვიმების შედეგად სოფელ ჭერმის თავში მდებარე წყალსაცავში წყლის რაოდენობა გაიზარდა, დამცავი ჯებირი დაზიანდა და შესაძლოა, რომ წყალი გადმოვიდეს და ველისციხეს გადაუაროს.
ველისციხეში შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რეგიონული განვითარების მინისტრი დავით ტყეშელაშვილი და გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე იმყოფებიან. რისკის ზონაში მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია ამ დრომდე გრძელდება. ადგილზე მობილიზებულია შსს-ს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის მთელი შემადგენლობა, ასევე საპატრულო პოლიციის კახეთის სამმართველო.