ადამიანის უფლებათა ცენტრი პოლიციელთა მიერ მოქალაქეთა ცემის ფატებთან დაკავშირებით მიუკერძოებელ და დროულ გამოძიებას მოითხოვს.
პრესკონფერენციაზე, რომელიც ხვალ გაიმართება, წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია პოლიციის მხრიდან მოქალაქეების - თორნიკე მარგიანისა და ალექსანდრე ახალკაცის წინააღმდეგ განხორციელებული უკანონო ქმედებების შესახებ.
ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის ორგანოებს, სასწრაფოდ გამოიძიონ მოქალაქეთა მიმართ ჩადენილი დანაშაული, პასუხისგებაში მისცენ ყველა ის პირი, რომელიც რაიმე ფორმით ჩართული იყო თორნიკე მარგიანის, ალექსანდრე ახალკაცისა და მისი მეგობრის მიმართ განხორციელებულ უკანონობაში.
ადამიანის უფლებათა ცენტრი ასევე მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს, ეფექტური საპარლამენტო კონტროლი განახორციელოს მითითებული ფაქტების გამოძიების მიმდინარეობაზე.
„ნატა თარხან–მოურავმა ადამიანის უფლებათა ცენტრს აცნობა, რომ მიმდინარე წლის 28 მარტს მისი ვაჟი, თორნიკე მარგიანი ძველი თბილისის პოლიციის მე–3 განყოფილებაში პოლიციელებმა სასტიკად სცემეს. კერძოდ, იგი შეიყვანეს განყოფილებაში ხელმარჯვნივ ოთახში, სადაც დამონტაჟებული არ იყო ვიდეოკამერები. აქ იგი დასვეს სკამზე, რომელსაც ჰქონდა რკინის ფეხები. ოთხი პოლიციელი ფეხების, თავის, სახისა და ტანის არეში ურტყამდა. სასტიკი ცემისგან სკამი დაიმტვრა. ცემის შემდეგ თორნიკე მარგიანი დროებითი მოთავსების იზოლატორში მოათავსეს.
შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორის დაკავებულის გარეგნული დათვალიერების ოქმის თანახმად, თორნიკე მარგიანს დაზიანებები აღენიშნებოდა.
ალექსანდრე ახალკაცის განმარტებით კი, 9 მაისს ის და მისი მეგობარი სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პოლიციელებმა გურამიშვილის გამზირზე სასტიკად სცემეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. პოლიციელები მათ ფეხებს წვივებში და წელის არეში ურტყამდნენ. ალექსანდრე ახალკაცმა პოლიციელთა ავტომობილების ნომრების ჩაწერა მოახერხა. ახალკაცის განმარტებით, პოლიციელები გლდანი-ნაძალადევის პოლიციის განყოფილებაში მუშაობენ. მას ყველა პოლიციელის ამოცნობა შეუძლია“ - ნათქვამია ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებაში.