19 მაისს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ 09:30 საათზე გაიმართება საქართველო-ავსტრიის ბიზნეს ფორუმი. ავსტრიული დელეგაციის მიზანია ფორუმის ფარგლებში საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესწავლა და სავაჭრო-საინვესტიციო ურთიერთობების დამყარება. მათი ინტერესების სფეროებია: ენერგეტიკა, ელექტრომექანიკური მოწყობილობები, ტრანსპორტი და ლოჯისტიკა, მშენებლობა და სამშენებლო მასალები, განათლება, ხორცის გადამამუშავებელი მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა, საკონსულტაციო სექტორი, განათება, სახანძრო სისტემები, ხელოვნური თოვლის სისტემები, გათბობისა და ვენტილაციის სისტემები, სერვისები, და სხვა.
ფორუმზე დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიმართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ავსტრიის პრეზიდენტი ჰაინც ფიშერი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი კახა ბაინდურაშვილი, ავსტრიის ეკონომიკური პალატის ვიცე-პრეზიდენტი რიჩარდ შენცი და ავსტრიის სოფლის მეურნეობის მინისტრი ანდრე რუპრეჰტერი.
ფორუმის ფარგლებში გაიმართება სექტორული პრეზენტაციები საქართველოში არსებული საინვესტიციო კლიმატისა და მიმდინარე ეკონომიკური პროექტების შესახებ. აგრეთვე, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ქართულ და ავსტრიულ კომპანიებს შორის.