არასამთავრობო ორგანიზაცია ”საზოგადოება და ბანკები” ბოლო პერიოდში საბანკო ტრანზაქციებთან დაკავშირებით გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
როგორც ”საზოგადოება და ბანკების” განცხადებაშია აღნიშნული, ნებისმიერი საბანკო ოპერაცია არის კომერციული საიდუმლო და ფინანსური ინსტიტუტების სტაბილურობა დიდ წილად ამაზე დგას.
”იმ ფონზე, როდესაც თბილისში წარმატებით ტარდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წლიური შეხვედრა და ბიზნეს ფორუმი და EBRD მაღალ შეფასებას აძლევს ქართულ საბანკო სისტემას, ახასიათებს მას, როგორც სტაბილურს და კარგად კაპიტალიზებულს, ხელისუფლების მხრიდან ბანკების ტრანზაქციების არასწორ კონტექსტში ხსენება უარყოფით სიგნალს უგზავნის არსებულ და პოტენციურ ინვესტორებს. მითუმეტეს, რომ საუბარია ორ უმსხვილეს ქართულ ბანკზე (თიბისი ბანკზე და საქართველოს ბანკზე), რომელთა აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება და მათი აქციების დიდი წილის მფლობელი თავად არის EBRD. მოვუწოდებთ პოლიტიკურ ძალებს, შეწყვიტონ საბანკო პროცედურებთან დაკავშირებით განცხადებების კეთება და ნუ დაიწყებენ კონსპირაციული თეორიების განვითარებას ქვეყნის ეკონომიკის ამ უმნიშვნელოვანესი დარგის წინააღმდეგ. ეს პრობლემას შეუქმნის საქართველოს რეგიონის ფინანსურ ჰაბად ქცევას, რაც ქვეყნის ინტერესში ნამდვილად არ შედის. და ბოლოს, შეგახსენებთ, რომ საქართველოს საბანკო სისტემამ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დოლარის უცხოური ინვესტიცია მოიზიდა და მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას”, აღნიშნულია ”საზოგადოება და ბანკების” განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირაში საქართველოს ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ ტელეკომპანია GDS-ის ეთერში გამოთქვა ვარაუდი, რომ ლარის დევალვაცია ხელოვნური და პოლიტიკური პროცესია და დასძინა, რომ მთავრობას დიდი ბანკების მიერ განხორციელებულ ტრანზაქციებზე ინფორმაცია არ აქვს.
თუმცა შემდგომ როგორც სებ-ის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, ”როდესაც ყვითელი პრესა საუბრობს შეთქმულების თეორიებზე, ეს შეიძლება გაიგო, ვინაიდან ყვითელი პრესა ცდილობს, მოიზიდოს სპეციფიკური ტიპის მკითხველი, მაგრამ როდესაც შეთქმულების თეორიას უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები ავითარებენ, ეს როგორც მინიმუმ, უხერხულია”.
"განსაკუთრებით უხერხულია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებზე, ისეთ ინსტიტუტებზე, რომლის აქციონერი, მრავალი წლის პარტნიორი არის თუნდაც EBRD, რომლის ფორუმზეც დღეს ვიმყოფებით და, რომელი ფორუმიდანაც ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალური შედეგი მივიღოთ. ეს რამდენად უწყობს ხელს უწყობს ყველაფერ ამას, განსჯა თქვენთვის მომინდია", - განაცხადა ქადაგიძემ.
ქადაგიძის თქმით, სებ-ის მუშაობს ისე, როგორც უნდა მუშაობდეს ყველა განვითარებული ქვეყნის ცენტრალური ბანკი.
”ამავე დროს, კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ იმ გარემოებას, რომ ჩვენი, თანამდებობის პირების მიერ გაკეთებული განცხადებები გავლენას ახდენს იმ მოლოდინებზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მოკლევადიანი კურსის ფორმირების პროცესში",- განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.