"რაის სექსუალური უმცირესობები!..", „რა სისულელეებს მეუბნებით?!“ - ეს იყო დეპუტატების არაორდინალური პასუხები „იმედის“ ჟურნალისტის უჩვეულო გამოკითხვაზე ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით. სიუჟეტი ამის თაობაზე „გადაცემა „იმედის კვირაში“ აჩვენეს. კორესპონდენტმა შესთავაზა პარლამენტარებს სექსუალური უმცირესობების დროშით ხელში ჩაეწერათ მოწოდება „ლგბტ“-ს წარმომადგენლებზე ძალადობის წინააღმდეგ და უჩვენა ვიდეო, რომელზეც ასახულია, თუ როგორ დაუჭირეს მხარი იტალიის დაპუტატებმა სექსუალურ უმცირესობებს და ერთმანეთის კოცნა დაიწყეს საპარლამენტო სხდომის დროს.
„რაის სექსუალური უმცირესობები?! რა დროის სექსუალური უმცირესობებია?! სირცხვილია! ჩემთვის სირცხვილია! მე ვარ რაჭველი კაცი, მთიელი კაცი, და ამისთანა სისულელეებზე ლაპარაკი არ მიყვარს“, - განაცხადა უმრავლესობის წევრმა თამაზ ჯაფარიძემ.
„რა სისულელეებს მეუბნებით!?“ - თავი აარიდა პასუხს ზურაბ ზვიადაურმა.
დანარჩენი გამოკითხულმა დეპუტატებმა ცალსახად დაგმეს ნებისმიერი ძალადობა, მაგრამ ცისარტყელას დროშის დაჭერაზე უარი თქვეს. ერთეულმა პარლამენტარებმა კი თანხმობა განაცხადეს ფლეშმობში მონაწილეობაზე საკანონმდებლო ორგანოში, სადაც ერთი სქესის ადამიანები ერთმანეთს სახალხოდ კოცნიან, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „ამით ვიღაცის სიცოცხლე გადარჩება“.
„იცით რა, თუ ამით ვიღაცის სიცოცხლეს და ადამიანობას გადავარჩენდით... ეს გადარჩენა ყველაფერს გადაწონის“, - თქვა დავით დარჩიაშვილმა და სიცილით აღნიშნა: “თუმცა არავითარი სურვილი არ მაქვს, რომ კაცს ვაკოცო“.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი აკაკი ბობოხიძის თქმით, „ქართველი კაცები რომ ვკოცნით ერთმანეთს, ალბათ, მსოფლიოში არ კოცნიან ერთმანეთს მამაკაცები. პარლამენტის დარბაზშიც წარმომიდგენია [ფლეშმობის ჩატარება]... თუ გადავწყვიტავთ, რომ ძალადობას ამით ხელს შევუშლით - მისაღებია“.
„რატომ უნდა ვკოცნო კაცი, მე პირადად არ მესმის! რაც არ მომწონს, რატომ უნდა გავაკეთო?!“, - აღნიშნა ვახტანგ ხმალაძემ.
გიორგი ცაგარეიშვილმა ასევე უარი თქვა კოლეგების კოცნაზე: “ღმერთმა დაგვიფაროს! ეს ჩემთვის წარმოუდგენელია მითუმეტეს საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში“.