საერთაშორისო სავალუტო ფონდი ლარის გაუფასურებაში დადებით ტენდენციებს ხედავს, რადგან მიიჩნევს, რომ ეს შემდგომში ექსპორტის ზრდას გამოიწვევს.
როგორც სავალუტო ფონდის, ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ იუჰა კაჰკონენმა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან გიორგი ქადაგიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ეკონომიკური პოლიტიკა უნდა მოერგოს იმ ახალ გამოწვევებს, რომელიც რეგიონის წინაშე დგას და რომლის წინაშეც დგას საქართველო.
"მინდა აღვნიშნო, რომ რეგიონის საერთო სიტუაცია საკმაოდ არასაიმედოა. რეგიონის რისკები სავარაუდოდ, დიდხანს გაგრძელდება. ეკონომიკური პოლიტიკა უნდა მოერგოს იმ ახალ გამოწვევებს, რომელიც რეგიონის წინაშე დგას და რომლის წინაშეც დგას საქართველო. ლარის გაუფასურება, რომელიც ჩვენ ვიხილეთ, არის ნაწილი იმ ეკონომიკური პოლიტიკის პასუხისა, რაც შექმნილ რეალობასთან მიმართებაში მოუწია ქვეყნებს გააკეთონ. ის, რომ ლარი გაუფასურდა, ერთი მხრივ, კარგიცაა, რადგან ქვეყნის ექსპორტმა შეინარჩუნა კონკურენტუნარიანობა, რაც უნდა გამოიხატოს ექსპორტის შემდგომ ზრდაში", - განაცხადა იუჰა კაჰკონენმა.
მისივე შეფასებით, მოქნილი გაცვლითი კურსი, სასარგებლოა საქართველოსთვის, როგორც ამჟამად არსებული გამოწვევების საპასუხოდ, ასევე მომავალში.
"ახლა ლარი გაუფასურდა, სამომავლოდ შესაძლოა მოხდეს მისი გამყარება. გაცვლითი კურსის მოქნილობა უზრუნველყოფს ლარის მიერ გარე შოკების შეთვისებას, ანუ გაცვლით კურსზე გადავიდა შოკები და დარტყმა, რაც ქვეყანას მიადგებოდა, რომ არ ყოფილიყო მოქნილი გაცვლითი კურსი", – აღნიშნა კაჰკონინმა.
მისივე თქმით, ცენტრალური ბანკების ძირითადი მიზანია ინფლაციის დაბალი მაჩვენებლის უზრუნველყოფა, რომ ფასები არ გაიზარდოს და ზუსტად ამას აკეთებს საქართველოს ეროვნული ბანკი.