ასეთი ფორუმი პირველად ტარდება ჩვენს რეგიონში, რაც კიდევ უფრო საამაყოს და საპასუხისმგებლოს ხდის ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძლობას და ხაზს უსვამს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ჩვენი ქვეყნის ხანგრძლივ, მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობას, - აღნიშნულის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა EBRD-ს ყოველწლიური შეხვედრის გახსნაზე გაკეთა, რომელსაც წელს საქართველო პირველად მასპინძლობს.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, მთავრობა EBRD-თან თანამშრომლობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და რომ სწორედ ამ თანამშრომლობის შედეგია, გასულ წელს ბანკის მიერ საქართველოს ეკონომიკაში განხორციელებული ინვესტიციების გაორმაგება და 200 მილიონი ევროს გადააჭარბება.
”ჩვენი თანამშრომლობის 22 წლის განმავლობაში კი, მთლიანად ბანკის ინვესტიციებმა საქართველოს ეკონომიკაში 2,6 მლრდ ევრო შეადგინა.საქართველო მოწინავე ქვეყანაა გამჭვირვალობისა და ღია მმართველობის თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ, იგი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ინვესტიციების განხორციელებისა და ბიზნესის წარმოებისათვის. ჩვენმა ქვეყანამ დიდი გზა გაიარა საბაზრო ეკონომიკის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პრინციპების მეტად დამკვიდრებისა და განმტკიცების გზაზე. სწორედ იმ ძირეული ღირებულებების დამკვიდრების გზაზე, რომლებიც მთავარია ევროკავშირისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისთვის”, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა და განმარტა, რომ 2014 წელს საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რაც ევროპული ინტეგრაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
”რეგიონში შექმნილმა რთულმა გეოპოლიტიკურმა ვითარებამ უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა რეგიონის ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებაზე. თუმცა, საქართველოში შენარჩუნებულია ეკონომიკური ზრდა და გაუმჯობესებულია ბიზნესგარემო, როგორც საკუთრების უფლების დაცვის, ისე საგადასახადო ტვირთის კიდევ უფრო შემსუბუქებისა და საგადასახადო კანონმდებლობის ოპტიმიზაციის მიმართულებით. საქართველო არის სრულიად ღია ქვეყანა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მარტივი საგადასახადო სისტემითა და დაბალი გადასახადებით. ჩვენ სულ ექვსი ტიპის გადასახადი გვაქვს; საერთოდ არ გვაქვს სოციალური გადასახადი; ჩვენ გავაუქმეთ იმპორტის გადასახადი საქონლის თითქმის 85 %-ზე, ხოლო დანარჩენზე გვაქვს 5 ან 12-%-იანი განაკვეთი; ჩვენ გვაქვს ძალიან მარტივი საგადასახადო და საბაჟო პროცედურები და ასე შემდეგ.
ყოველივე ამას ადასტურებს ის საერთაშორისო რეიტინგები, რომლებშიც საქართველოს წამყვანი პოზიციები უკავია”, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა EBRD-ის შეხვედრის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.