ანდრეს ფოგ რასმუსენი: საქართველოსა და უკრაინის მიმართ ნატო-ს პოზიცია არ შეცვლილა. რასმუსენმა ეს განცხადება ესტონეთის დედაქალაქ ტალინში, ნატოს მინისტერიალის დაწყებამდე გააკეთა. რადიო "თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა უკრაინასა და საქართველოზე ისაუბრა. მისი თქმით, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება უკრაინასა და საქართველოსთან დაკავშირებით კვლავ ძალაშია და ეს ორი ქვეყანა ნატო-ს წევრები აუცილებლად გახდებიან.
ნატო-ს ორდღიანი მინისტერიალი ესტონეთის დედაქალაქში ცოტა ხნის წინ გაიხსნა. შეხვედრას 45 ქვეყნის 600 დელეგატი ესწრება, მათ შორის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე.
სამიტზე ნატოს წევრები ალიანსის ახალ სტრატეგიაზე, ნატოს გაფართოებაზე, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემაზე და ნატო - რუსეთის ურთიერთობებზე იმსჯელებენ. აღნიშნულ სამიტზე რუსეთის კომისიის სხდომაც უნდა გამართულიყო, თუმცა რუსული მხარის მოთხოვნით, სხდომა გადაიდო. რუსულმა მხარემ სხდომის გაუქმების მიზეზად ოფიციალური მიწვევის არ არსებობა დაასახელა.