საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი თბილისის მერისთვის გაგზავნილ 10 კითხვას კიდევ ორს ამატებს. ამის შესახებ განცხადება გია ცაგარეიშვილმა დღეს პარლამენტში საგანგებოდ გამართული ბრიფინგზე გააკეთა და როგორც აღნიშნა, მის მიერ 6 აპრილს უგულავასთვის გაგზავნილ 10 სადეპუტატო კითხვაზე, რომელიც მერიის საქმიანობას შეეხებოდა არანაირი პასუხი არ მიუღია.
"ეჭვი მქონდა, რომ უგულავა არის ხაზინის ქურდი, მაგრამ ვინაიდან პასუხს არ მცემს კითხვებზე, დავრწმუნდი რომ მერია თანხებს ნამდვილად ფლანგავს", - აცხადებს ცაგარეიშვილი და დასძენს, რომ მიუხედავად ამისა, იგი მერისათვის გაგზავნილ კითხვას კიდევ ორ კითხვას დაუმატებს.
"ილუზია არ მაქვს, რომ ამ კითხვებზეც გამცემს პასუხს, მაგრამ მე ჩემი მოვალეობა უნდა შევასრულო და ეს მხოლოდ იმის ბრალია, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება პარლამენტს პატივს არ სცემს", - აცხადებს ცაგარეიშვილი.
რაც შეეხება ამ ორ კითხვას ეს ეხება სამშენებლო კომპანია "არტექსის" საკითხს. ცაგარეიშვილს აინტერესებს რა კრიტერიუმებით შეირჩა ეს კომპანია, რომ მას მიეცეს უფლება დავით აღმაშენებლის გამზირზე აწარმოოს 35 სახლის სრული რეაბილიტაცია. ამასთან იგი აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ სწორედ ეს კომპანია აწარმოებდა იმ შენობის რეაბილიტაციას, სადაც განთავსებული იყო ვარსკვლავების აკადემია, რომელიც ჩამოინგრა და ორი ადამიანი იმსხვერპლა.
"ფაქტია, რომ ამ კომპანიის საქმიანობის გამო ორი ადამიანი დაიღუპა და ორი ოჯახი გაუბედურდა. მაინტერესებს რა კრიტერიუმებით შეარჩია მერიამ ეს კომპანია. საქმე ის არის რომ ეს კომპანია ეკუთვნის გიგა ბოკერიას ცოლის დას და დავით კეზერაშვილის მეუღლეს. ამით კი ყველაფერი ნათქვამია", - აცხადებს ცაგარეიშვილი.
იგი ითხოვს, რომ აღნიშნულ კითხვას მერიამ გასცეს პასუხი. გარდა ამისა, ცაგარეიშვილს ასევე აინტერესებს თუ მერიამ ქალაქში სარეკლამო ბანერების განთავსებისათვის ტენდერი როდის ჩაატარა და თუ ჩაატარა რა კრიტერიუმებით შეირჩა კომპანია "აუტდორჯი".
"მერია რეკლამისთვის ამ კომპანიას 100 ათასობით ლარს უხდის. საინტერესოა როდის ჩატარდა ტენდერი, როგორ შეარჩიეს ეს კომპანჰია და საიდან უხდიან მას ასი ათასობით ლარს რეკლამისთვის, რადგან ამაზე ბიუჯეტში არაფერია ნათქვამი", - აცხადებს ცაგარეიშვილი.