"ეროვნული ფორუმის" ლიდერის კახა შარტავას განცხადებით, საქართველოს რუსეთის პირისპირ, ერთი-ერთზე დატოვება დაუშვებელია.
სხვა საკითხებთან ერთად ქვეყნის გეოპოლიტიკურ პრობლემებზე შარტავამ დღეს საფრანგეთის ელჩთან საქართველოში ერიკ ფურნიესთან ისაუბრა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ შარტავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის მოგვარებაში ყველა სახელმწიფო უნდა ჩაერთოს, რომელიც კავკასიაში მშვიდობითაა დაინტერესებული.
"არსებულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში საქართველოს რუსეთის პირისპირ, ერთი-ერთზე დატოვება დაუშვებელია. ასევე არ შეიძლება ამ თემით მანიპულირება და იმის ძახილი, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები თავად ამ ქვეყნების მიერ უნდა მოგვარდეს. ამ პრობლემის მოგვარებაში ყველა სახელმწიფო უნდა ჩაერთოს, რომელიც კავკასიაში მშვიდობით დაინტერესებულია", - განაცხადა შარტავამ.