დღეს, სასტუმრო "ვერე პალასში", "ეროვნულმა ფორუმმა" და "ექსპერტთა კლუბმა" საარჩევნო სიების შედგენისა და ხმის მიცემის პროცესის გაყალბებისგან დაცვის მექანიზმების პრეზენტაცია გამარეს. დღევანდელ პრეზენტაციას ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ შორის ექსპერტებიდან: სოსო ცისკარიშვილი, მამუკა არეშიძე, გია ხუხაშვილი, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე, ვახტანგ ძაბირაძე, გია ზესაშვილი. პოლიტიკური პარტიებიდან: „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები", რესპუბლიკური პარტია, ახალი მემარჯვენეები, კონსერვატიული პარტია, ლეიბორისტული პარტია, დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო", "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა", "მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის", "საქართველოს გზა", "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს". არასამთავრობო ორგანიზაციებიდან: „დაიცავი საქართველო", "სამართლიანი არჩევნები", „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო", "ახალი თაობა - ახალი ინიციატივა", „ქართული აკადემია", სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი.
პრეზენტაცია სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემების ანალიზით დაიწყო. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი მელაშვილმა სტუმრებს საქართველოში ჩატარებული მოსახლეობის აღწერის სტატისტიკა გააცნო. მისი თქმით, მოსახლეობის აღწერის შედეგად 1990 წელს საქართველოში 5,443,300 ადამიანი ცხოვრობდა, რომელთაგან საარჩევნო სიაში 3,600,000 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. მელაშვილის განცხადებით, დღეისათვის, საქართველოში მაცხოვრებელი ადამიანების რაოდენობა დაახლოებით ერთი მილიონით შემცირდა, თუმცა ეს ცვლილება საარჩევნო სიაზე არ ასახულა, კერძოდ, მისი თქმით, დღევანდელ საარჩევნო სიაშიც 3,600,000 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
ამ და სხვა მსგავსი პრობლემების და უზუსტობების გადასაჭრელად "ეროვნული ფორუმი" ინიციატივით გამოდის ამომრჩევლის იდენტიფიცირებისას ბიომეტრიული მონაცემები (ფოტოსურათი, თითის ანაბეჭდი) იქნას გამოყენებული. მელაშვილის განცხადებით, ამ ინიციატივის რეალიზებისთვის სახელმწიფომ პირველ რიგში საარჩევნო უბნები შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით უნდა აღჭურვოს. ესენია: წინასწარი რეგისტრაციის დროს ამომრჩეველის ბიომეტრიული მონაცემების დამაფიქსირებელი აპარატი; საარჩევნო უბნის კომპიუტერი და ამომრჩევლის ბარათის მბეჭდავი მოწყობილობა.
ინიციატივის შესაბამისად ცესკომ უნდა გამოაცხადოს რეგისტრაციის ორთვიანი ვადა, შემდეგ, კარდაკარ კამპანიით 1 თვის ვადაში მოახდინოს დარჩენილი ამომრჩევლების ბიომეტრიული მონაცემების აღრიცხვა და ეს მონაცემები საარჩევნო კომისიის კომპიუტერულ სისტემაში უნდა შეიყვანოს. ამის შემდგომ, ცესკომ ტექნიკური საშუალებებით უნდა უზრუნველყოს საოლქო საარჩევნო კომისიები, რათა რეგისტრაციაგაუვლელ ამომრჩევლებს მიეცეთ საარჩევნო სიებში რეგისტრირების შესაძლებლობა. ამასთან, ნებისმიერი არჩევნების დანიშვნასა და საუბნო კომისიის შექმნისთანავე ცესკომ უნდა დაადგინოს სამკვირიანი ვადა ამომრჩეველთა დამატებითი რეგისტრაციისთვის.
აღნიშნული პროექტის მთლიანი ტექნიკური ხარჯი (გარდა წინასწარი რეგისტრაციისათვის აუცილებელი აპარატურის ქირაობისა) 8 265 000 დოლარს შეადგენს. მელაშვილის განცხადებით ინიციატივის რეალიზაციის პროცესში შესაძლოა ამ თანხის რაოდენობამ საგრძნობლად დაიკლოს.
მელაშვილის განცხადებით, ამომრჩეველთა წინასწარი ბიომეტრული რეგისტრაცია ისეთ ქვეყნებშიც კი ტარდებოდა როგორიცაა: კოლუმბია; ბრაზილია; ბანგლადეში განა; ბოლივია; ნიგერია; ჰაიტი და სხვა მესამე სამყაროს წარმომადგენელი სახელმწიფოები.
"სამოქალაქო რეესტრის ინფორმაციით, სახელმწიფომ დაიწყო მოქალაქეებისათვის ბიომეტრული პასპორტების გაცემა, ანუ ჩვენს მიერ შემოთავაზებული მეთოდი უკვე საქართველოსთვისაც აღარ არის სიახლე. შესაბამისად ჩვენი მოთხოვნა - პიროვნების იდენტიფიკაციის ბიომეტრიული მეთოდი გავრცელდეს ამომრჩევლების იდენტიფიკაციაზე, სრულიად ლოგიკური და შესრულებადია", - განაცხადა ირაკლი მელაშვილმა.