რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ნიკარაგუას დელეგაციის მიერ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მონახულებას ეხმაურება და სოხუმსა და ცხინვალში ნიკარაგუას საგარეო საქმეთა მინისტრის სამუელ სანტოს ლოპესის ვიზიტს დადებითად აფასებს. რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენელი ანდრეი ნესტერენკო აღნიშნავს, რომ ნიკარაგუას დელეგაციის ვიზიტი ე.წ. სამხრეთ ოსეთში "ახალგაზრდა სამხრეთოსური დიპლომატიის" გამარჯვებაა.
"ნიკარაგუას საგარეო საქმეთა მინისტრის სამუელ სანტოს ლოპესის ვიზიტს სამხრეთ ოსეთში სამხრეთოსური დიპლომატიის წარმატებად ვაფასებთ. ამას გარდა, ეს არის დასტური იმისა, რომ ახალგაზრდა კავკასიური რესპუბლიკის პოზიციის გამყარება საერთაშორისო არენაზე შეუქცევადი პროცესია", _ აცხადებს ნესტერენკო.
მისივე თქმით, რაც შეეხება აფხაზეთში ნიკარაგუას დელეგაციის ვიზიტს "ამ ვიზიტმა სოხუმსა და მანაგუას" შორის თანამშრომლობის სურვილი კიდევ უფრო გაამყარა.
"ნიკარაგუას საგარეო საქმეთა მინისტრის სამუელ სანტოს ლოპესის ვიზიტი აფხაზეთში დემონსტრირებაა იმისა, რომ მანაგუასა და სოხუმს სხვა და სხვა სფეროში თანამშრომლობის გამყარება სურთ", _ განაცხადა ნესტერენკომ და კმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ცხინვალსა და სოხუმში ნიკარაგუელი დელეგაციის ვიზიტისას მიღწეულია შეთანხმება ამ ორივე ქვეყნის "პრეზიდენტის" ნიკარაგუაში ვიზიტის შესახებ.