ბათუმის ოლიმპიური საფეხბურთო სტადიონის საკონკურსო-საპროექტო წინადადებების წარდგენა დასრულდა. სტადიონის მშენებლობაზე სურვილს 12 კომპანია აცხადებს.
საპროექტო წინადადებების პაკეტები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში დღეს გაიხსნა. შეხვედრას აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე, აჭარის ა/რ განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ბათუმის მერიის და კონკურში მონაწილე კომპანიების წარმოამდგენლები ესწრებოდნენ.
წარმოდგენილ კომპანიებს შორის 6 ქართული, ხოლო დანარჩენი უცხოური კომპანიებია. მათ შორის ესპანეთის, საბერძნეთის, პოლონეთის, თურქეთის, უკრაინისა და იტალის.
პროექტები გამოიფინება საჯარო განხილვისათვის, რის შემდეგაც არასამთავრობო და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისაგან დაკომპლექტებული საკონკურსო კომისია იმსჯელებს პროექტის შეფასებაზე.
სტადიონის პროექტირების საწყისი ღირებულება 650 000 ლარია. უეფას და ფიფას სტანდარტების სტადიონი 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ბათუმში სტადიონის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე კონკურსი 2015 წლის 5 იანვარს გამოაცხადა.