ევროპული აეროკოსმოსური კორპორაცია Airbus Group NV-ის წმინდა მოგება 2014 წელს 59 %-ით გაიზარდა. როგორც Airbus-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2014 წელს კომპანიის წმინდა მოგებამ 2,3 მლრდ ევრო შეადგინა, ეს იმ ფონზე, როდესაც ანალოგიური მაჩვენებელი 2013 წელს 1,5 მლრდ ევროს აღწევდა.
სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2014 წელს Airbus-ის შემოსავალი 5%-ით, 60,7 მლრდ ევრომდე გაიზარდა.
კომპანიის მაჩვენებლებზე უარყოფითი ზეგავლენა იქონია 551 მლნ ევროს ხარჯმა, რომელიც სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის A400M-ის შექმნის პროგრამის პრობლემებს უკავშირდება.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა წამგებიანია უკვე რამდენიმე წელია, თუმცა კომპანიის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ წელს 8 თვითმფრინავის რეალიზაციას მოახერხებს.
Airbus-მა უკვე ღიად განაცხადა, რომ 2017 წლიდან A320-ის წარმოებას, თვეში 50 თვითმფრინავამდე გაზრდის. დღეისათვის კომპანია თვეში 46 ერთეულ A320-ს უშვებს. იმავდროულად Airbus-ი აპირებს, რომ A330-ის წარმოება თვეში 10 -დან 6-მდე შეამციროს.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ავიამწარმოებელმა დამკვეთებს 629 თვითმფრინავი გადასცა.