2 მარტს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტოს სსიპ „მეწარმეობის განვითარების სააგენტოს“ ექსპორტის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტთან პარტნიორობით, ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსი Certified Export Manager (CEM) იწყება. 2 მარტს, 18:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტში, კურსს ოფიციალურად გახსნიან მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი გიორგი ციკოლია და კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია.
პირველი ლექცია 2 მარტს, 18:30 საათზე ჩატარდება, რომელსაც ექსპორტზე ორიენტირებულ კომპანიებში დასაქმებული სპეციალისტები დაესწრებიან. აღსანიშნავია, რომ ექსპორტიორი კომპანიების მიერ გამოხატული დიდი ინტერესიდან გამომდინარე ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსი ორ რაუნდად გაიმართება და ჯამში 40 ექსპორტიორი კომპანიის თანამშრომელი გადამზადდება.
ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსი ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროსა და მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ინიციატივით ჩატარდება 2-27 მარტის განმავლობაში. პროექტის მიზანს წარმოადგენს ექსპორტის სერტიფიცირებული მენეჯერების მომზადება, რომლებიც ექსპორტის განხორციელების მიმართულებით შეიძენენ შესაბამის თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს. ექსპორტიორი კომპანიების წახალისების მიზნით კურსის საფასურის 60%-ს მეწარმეობის განვითარების სააგენტო დააფინანსებს.
კურსის პროგრამა მორგებულია ექსპორტიორი კომპანიების საჭიროებებზე და ფოკუსირებას ახდენს ისეთ საკითხებზე როგორიცაა, ექსპორტის ტერმინოლოგია, ხარისხის ინფრასტრუქტურა, მარკეტინგი და ეტიკეტირება, ბიზნეს კომუნიკაცია და გაყიდვების უნარი, საერთაშორისო გამოფენების მოწყობა, ბაზრის კვლევა, საქონლით ვაჭრობა DCFTA-ს ფარგლებში, ბიუჯეტირება ექსპორტისათვის, ექსპორტის ლოგისტიკა.
კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, მოხდება ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიების თანამშრომლების ცოდნის და უნარების გაუმჯობესება საერთაშორისო გაყიდვების წარმოების მიმართულებით, რაც საბოლოო ჯამში დამქირავებელი კომპანიის საექსპორტო გაყიდვების ზრდაზე და დივერსიფიცირებაზე აისახება.
კურსის მიმდინარეობის პროცესში დამყარდება კავშირები ექსპორტის მენეჯერებს შორის და მოხდება ინფორმაციის ურთიერთგაცვლა.
აღსანიშნავია, რომ ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიების შესაძლებლობების გაძლიერების, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისა და ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით მეწარმეობის განვითარების სააგენტოს რიგი აქტივობები აქვს დაგეგმილი 2015 წლის განმავლობაში.
სააგენტოს ექსპორტის ხელშეწყობის დეპარტამენტი აქტიურად დაეხმარება ქართველ ექსპორტიორებს საკუთარი პროდუქციის წარდგენაში მსოფლიოს სხვადასხვა პრესტიჟულ გამოფენებზე. დაგეგმილია საქართველოში დამზადებული პროდუქციის ქართული სტენდის ფარგლებში გაცნობა 6 საკვებისა და სასმელი პროდუქტების საერთაშორისო გამოფენაზე: 6-8 მაისი-Sial China 2015, შანხაი, ჩინეთი; 28 ივნისი- NYC Summer Fancy show, ნიუ-იორკი, აშშ; 2-5 სექტემბერი-Riga Food 2015, რიგა, ლატვია; 10-14 ოქტომბერი-Anuga 2015, კიოლნი, გერმანია; 13-15 ოქტომბერი- CPhI Worldwide 2015, მადრიდი, ესპანეთი.
იგეგმება ქართული პროდუქციის ნიმუშების გადაგზავნა სხვადასხვა საკვები და სასმელი პროდუქტების პრესტიჟულ კონკურსებზე, ქართული პროდუქციის ხარისხის საერთაშორისო აღიარების მიზნით.
ამასთანავე განხორციელდება მინიმუმ 4 სავაჭრო მისია, რომლის მიზანსაც წარმოადგენს ახალი ბიზნეს კონტაქტების დამყარება და ქართული კომპანიებისათვის დამატებითი თრეიდერების მოზიდვა.
სპეციალურად მეწარმეებისათვის იქმნება სერვის ცენტრი, Open-space პრინციპით მოწყობილი ფრონტ ოფისი, სადაც იქნება წვდომა ელექტრონულ და ბეჭდურ რესურსებზე, ბიზნესის კუთხით საგანმანათლებლო ლიტერატურაზე ორიენტირებულ ბიბლიოთეკაზე, იქნება მოწყობილი შეხვედრების/საკონფერენციო ოთახი.