საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბოგდან აურესკუსს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების პროცესს, საქართველოში მიმდინარე რეფორმებს და რიგაში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს. პარლამენტის თავმჯდომარემ, მადლობა გადაუხადა სტუმარს რუმინეთის პარლამენტის მიერ, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების გამო.
ქართული მხარის განცხადებით, რიგის სამიტისგან საქართველო მოელის, გატარებული რეფორმების დადებითად ასახვას ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესზე და ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერას. სტუმარმა დაადასტურა აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტზე ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესის დაჩქარების რეალური შესაძლებლობა.
მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს, ამ კონტექსტში აღინიშნა საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის დადებით როლს. პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერინეტიტეტის და ევროატლანტიკური მისწრაფებების აქტიური მხარდაჭერისთვის. ხაზი გაესვა უელსის სამიტზე მიღებული პაკეტის დროული განხორციელების მნიშვნელობას.
მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი ინტენსიური ურთიერთობების შესახებ, როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების ფორმატში.
საუბარი ასევე შეეხო შავი ზღვის აუზის ქვეყნების ეკონომიკურ თანამშრომლობას და კონკრეტულად, რუმინეთ-საქართველოს კულტურულ-ეკონომიკური ურთიერთობების პერსპექტივას.
პარლამენტის თავმჯდომარემ რუმინეთსა და საქართველოს შორის არსებულ ისტორიულ კავშირებს და ანთიმოზ ივერიელის, როგორც ჩვენი ქვეყნების შემაკავშირებელი წმინდანის ღვაწლის უკეთ წარმოჩენის აუცილებლობაზე ისაუბრა. მან გამოთქვა ინიციატივა, დაიწყოს მუშაობა საქართველო-რუმინეთის ერთობლივი კომისიის შექმნაზე, რომელიც მოამზადებს ღონისძიებებს ანთიმოზ ივერიელის გარდაცვალებიდან 300 წლის აღსანიშნავად და სათანადო პატივს მიაგებს ამ დიდი სასულიერო და საერო მოღვაწის ხსოვნას.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები თედო ჯაფარიძე, ვიქტორ დოლიძე, ფრიდონ საყვარელიძე, დავით დარჩიაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუმინეთში ილია გიორგაძე