თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ხუთი კომისიის- იურიდიულ საკითხთა, ქონების მართვისა და საფინანსო საბიუჯეტო, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ასევე ეკონომიკური განვითარებისა და საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების ერთობლივი სხდომა გაიმართა.
დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი განიხილეს მათ შორის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2014 წლის 30 დეკემბერს შემოსული შპს „ლანცეტი"-ს განცხადების საფუძველზე, შპს „ლანცეტის" პირგასამტეხლოსგან განთავისუფლების საკითხი.
ზემოაღნიშნულ განცხადებაში შპს „ლანცეტი" მიუთითებს, რომ საავადმყოფოს დირექტორს ფარმან ჯეირანლიმს 2010 წლის 11 იანვარს გაფორმებილი ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული საპრივატიზაციო პირობებით საკუთრებაში დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12-ე კმ.ზე მდებარე 7000კვ.მ და ასევე აქვე მდებარე 3000 კვ.მ მიწის ნაკვეთი გადაეცა.
დედაქალაქის საკრებულოს აღნიშნული 2012 წლის 7 თებერვალს ნასყიდობის ხელშეკრულებაში შესული ცვლილების თანახმად, შ.პ.ს. ,,ლანცეტს''2013 წლის 23 ნოემბრამდე პრივატიზებულ ქონებაზე უნდა განეხორცილებინა 15 000 000 აშშ დოლარის ინვესტიცია, მრავალპროფილიანი სამედიცინო ამბულატორიული ცენტრის მშენებლობა, ექსპლუატაციაში მიღება და მისი თანამედროვე აპარატურით აღჭურვა.
როგორც განცხადებიდან ირკვევა, ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს შ.პ.ს. ,,ლანცეტის'' დირექტორმა ფარმან ჯეირანლიმ მიმართა და საინვესტიციო ვალდებულების 2014 წლის 26 მაისამდე გადაწევა ითხოვა, რადგან პროექტის მიმდინარეობის პერიოდში დაგეგმილი ინვესტიციის ზრდამ პროექტის გახანგრძლივება გამოიწვია.
აღნიშნული თხოვნის საპასუხოდ ქონების მართვის სააგენტომ შ.პ.ს. ,,ლანცეტის'' დირექტორს აცნობა, რომ ვალდებულების შესრულების თარიღად 2014 წლის მაისი სახელდებოდა.
წარმოდგენილ განცხადებას თან ახლავს თბილისის მთავრობის 2013 წლის 10 დეკემბრის დადგენილება და საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ქ. თბილისის თვითმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით ნასყიდობის შესახებ ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელიც საინვესტიციო ვალდებულების 2014 წლის 26 მაისამდე გადავადებასა და 17 000 000 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელებას გულისხმობს.
მიუხედავად ამისა, 2014 წლის 23 სექტემბერს ქ. თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონების მართვის სააგენტოსგან შ.პ.ს ,,ლანცეტს''ეცნობა, რომ საინვესტიციო ვალდებულების დარღვევის გამო, ნასყიდობის ხელშეკრულების 7.4. პუნქტის თანახმად, 2014 წლის 26 მაისის მდგომარეობით დაერიცხა პირგასამტეხლო-1 950 621 აშშ დოლარის ოდენობით.
განმცხადებელი ასევე აღნიშნავს, რომ 2014 წლის 26 მაისის მდგომარეობით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა ადასტურებს.
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, შ.პ.ს. ,,ლანცეტის'' დირექტორმა ფარმან ჯეირანლიმ თბილისის საკრებულოს თხოვნით მიმართა, რომ შპს „ლანცეტი" განთავისუფლდეს დაკისრებული პირგასამტეხლოსგან .
საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ თედო კობახიძემ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა რომ აუცილებელია საქართველოში შენარჩუნდეს ჯანსაღი და თავისუფალი ბიზნესგარემო. მისივე თქმით უმნიშვნელოვანესია,ბიზნესთან ურთიერთობის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის პოზიცია, რომ სახელმწიფოსა და ხელისუფლების ურთიერთობა ბიზნესთან იყოს ჰარმონიული და დარეგულირებული, არ შეიქმნას ხელოვნური ბარიერები, პირიქით - მაქსიმალურად გამარტივდეს პროცედურები, რათა განხორციელდეს საქართველოში კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია.
„ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თუ ქალაქ თბილისის მერი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობისათვის მომართავს თავისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, დაკისრებული პირგასამტეხლოსაგან შპს „ლანცეტის" გათავისუფლების თაობაზე,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ აღნიშნული საკითხის დადებითად გადაწყვეტა წინააღმდეგობაში არ მოვა საქართველოს კანონმდებლობასთან ", -განაცხადა თედო კობახიძემ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავსირებეით ხუთივე კომისიის წევრებმა ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღეს დედაქალაქის მერიას გაეგზავნოს, სარეკომენდაციო წერილი რათა შპს „ლანცეტს" მოეხსნას მისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო - 1950621 აშშ დოლარი.
ასევე დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა იმსჯელეს „მეწარმეობის მხარდაჭერის" პროგრამის ფარგლებში იაფი ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობის პროექტის პირობებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობასა და პარტნიორ ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფორმის დამტკიცების თაობაზე.
კომისიის წევრებმა აღნიშნულ საკითხებს დადებითი რეკომენდაცია მისცეს.