თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა ქართველ მევილიონეს, საქართველოს სახალხო არტისტს ლიანა ისაკაძეს საკრებულოს ისტორიულ შენობაში უმასპინძლეს.
მუსიკოსმა საკრებულოს წარმომადგენლებს საკუთარი შემოქმედებითი გეგმები და მომავალში დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ხელოვნებისა და კულტურის განვითრების აუცილებლობასა და იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც დგას დღეს დედაქალაქი.
თამარ ტალიაშვილი ლიანა ისაკაძეს განათლებისა და კულტურის კომისიის მიერ ამ მიმართულებით განხორციელებულ სხვადასხვა პროექტებზე, კერძოდ, სახელოვნებო სკოლების ფინანსურ ხელშეწყობაზე, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლების განვითარების სტრატეგიის შემუშავებაზე, ასევე საჯარო თავშეყრის ადგილებში კულტურული სივრცეების შექმნის ინიციატივასა და მთელი რიგ სხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებზე ესაუბრა.
კომისიის თავმჯდომარე პაატა ბურჭულაძის 60 წლის იუბილეს აღსანიშნავ კონცერტსაც შეეხო და ის ინიციატივა გაახმოვანა, რომლის თანახმად, კონცერტზე სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ასევე დამწყები მუსიკოსებისა და მუსიკალური სასწავლებლების სტუდენტების დასწრება უფასო გახდა.
,,კონცერტის ორგანიზატორები აღნიშნულ ინიციატივას დადებითად გამოეხმაურნენ'',-განაცხადა თამარ ტალიაშილმა.
მისივე თქმით, სწორედ ამგვარი სოციალური აქცენტები აძლიერებს ქვეყნის კულტურულ, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას.
ლიანა ისაკაძემ თამარ ტალიაშილს სამახსოვროდ თავისი წიგნი ლიანა ისაკაძის მედიტაციები... „სინდისი - ადამიანის თავისუფლების დეკლარაცია ღმერთში!" გადასცა.
მასალის გამოყენების პირობები