საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, სანომრე ნიშნებისა და ტექნოლოგიური აღჭურვილობის პროვაიდერ UTAL Sp.zo.o-ის წარმომადგენლები ეწვივნენ. მომსახურების სააგენტოსა და პოლონურ კომპანიას შორის 2015 წლის 12 იანვარს დადებული ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის ფარგლებში სტუმრებმა ქართულ მხარეს გამოსაცდელი ვადით, სანომრე ნიშნების დასამზადებელი დემო აღჭურვილობის (PRESS NFC SECURE) ახალი დანადგარი და ტვიფრები (კლიშეები) უსასყიდლოდ გადასცეს.
სააგენტოს დირექტორმა ზურაბ ზუბადალაშვილმა სტუმრებთან ერთად პირველი სანომრე ნიშანი დაბეჭდა. პოლონელმა ექსპერტებმა კი სააგენტოს თანამშრომლებს ახალი დანადგარის გამოყენების წესი და მუშაობის სპეციფიკა გააცნეს.
კომპანიის წარმომადგენლებმა სააგენტო დაათვალიერეს და გაწეული სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. მხარეებს შორის გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განხილულ იქნა სხვადასხვა საკითხი, ასევე სტუმრებმა შემდგომი თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვეს.
მომსახურების სააგენტო ასევე თანამშრომლობს გერმანულ კომპანია ERICH UTSCH AG-თან და უახლოეს მომავალში დაგეგმილია აღნიშნული კომპანიის სანომრე ნიშნების საბეჭდი დანადგარის გამოცდა.