საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ GIZ-ის ექსპერტებთან ერთად საქართველოში მიწის ადმინისტრირებისა და მართვის, ამ სფეროში არსებული გამოწვევების, პრობლემების, მათი გადაჭრისა და დარგის განვითარების სტრატეგიასთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა.
შეხვედრაში მონაწილეობას საქართველოს იუსტიციის, ეკონომიკის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების, თბილისის მერიისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც იღებდნენ.
სემინარზე განხილული იყო გერმანელი ექსპერტების მიერ შემუშავებული სტრატეგიული დოკუმენტი და რეკომენდაციები, რომლებიც მათ საქართველოში მიწის ადმინისტრირებისა და მართვის სისტემის შეფასებისას შეიმუშავეს.
ბოლო წლების განმავლობაში, ეკონომიკური განვითარების მიზნით, ქვეყანაში მასშტაბური რეფორმები განხორციელდა, მიწის ადმინისტრირების სისტემაშიც სხვადასხვა ინოვაცია დაინერგა, თუმცა დარგის ერთ-ერთ პრობლემად კვლავ რჩება არასრულყოფილი საინფორმაციო ბაზა, საკადასტრო მონაცემები და მიწის სრული საინფორმაციო სისტემის არარსებობა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ამჟამად ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს სწორედ სრულყოფილი მონაცემთა ბაზის შექმნა და ამ კუთხით არსებული ხარვეზების გამოსწორება წარმოადგენს.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პაპუნა უგრეხელიძის განცხადებით, სააგენტოს, როგორც უძრავი ქონების მარეგისტრირებელი ორგანოს მიზანია, ევროპის განვითარებული ქვეყნების მსგავსად, იყოს ისეთი სრულყოფილი და განვითარებული ორგანიზაცია, რომელიც დააკმაყოფილებს მომხმარებელთა მზარდ მოთხოვნებს და უზრუნველყოფს გაუმჯობესებულ მომსახურებას: „მიწის ადმინისტრირება ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში უდიდეს როლს ასრულებს, ამიტომ მნიშვნელოვანია სააგენტოსთან ერთად ამ სტრატეგიის განხილვაში მონაწილეობა დარგში მომუშავე ექსპერტებმა მიიღონ, რათა ერთობლივად განვსაზღვროთ სისტემის მუშაობის ერთიანი პრინციპი და მიდგომა. ამ სტრატეგიის განხორციელება და არსებული ხარვეზების აღმოფხვრა სააგენტოს მთავარი პრიორიტეტია, რაც კიდევ უფრო შეწყობს ხელს მიწის ადმინისტრირების სისტემის გამართვასა და ევროპულ სტანდარტებთან თავსებადობას" -აღნიშნა პაპუნა უგრეხელიძემ.
მიწის ადმინისტრირების სისტემის სრულყოფილი მონაცემთა ბაზა მიწასთან დაკავშირებულ მონაცემთა ღირებულების გაზრდისთვის უამრავ ახალ შესაძლებლობას შექმნის და უზრუნველყოფს სანდო და უტყუარ საფუძველს მიწაზე უფლებების შეძენის, სარგებლობისა და განკარგვისთვის. მიწის სრულყოფილი საინფომაციო სისტემა კი ხელს შეუწყობს უძრავი ქონების ბაზრის გააქტიურებას, მიწის პროდუქტიულად გამოყენებას, მიწის რესურსების დაცვას, გარემოს დაცვის მონიტორინგს და იპოთეკური ბაზრის განვითარებას, რაზეც, თავის მხრივ, დამოკიდებულია ეკონომიკის განვითარება.
მიწის ადმინისტრირების განვითარებასთან დაკავშირებით სემინარი პროექტის „სამართლისა და სასამართლო რეფორმების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ფარგლებში ჩატარდა.
მასალის გამოყენების პირობები