საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოუწოდებს "პანორამა თბილისთან" მიმართებაში ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება გამოიყენოს. როგორც საია-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „პანორამა თბილისის" პროექტისადმი მომზადებულ პეტიციას 16 ორგანიზაცია და 3900-ზე მეტი ადამიანი უკვე შეუერთდა.
"ბოლო დროს აქტუალური გახდა „პანორამა თბილისის" პროექტი, რომლის განხორციელებაც ქალაქის ისტორიულ ნაწილში - სოლოლაკის ქედზე, თავისუფლების და ერეკლეს მოედნების ტერიტორიაზე იგეგმება.
მიუხედავად არაერთი სატელევიზიო ეთერის, სიუჟეტისა, თუ შეხვედრა-დისკუსიისა, თემისადმი კვლავაც დიდია საზოგადოების ინტერესი. აღნიშნული პროექტისადმი უაღრესად დიდი ინტერესის ერთ-ერთ დამადასტურებელ გარემოებად ისიც შეიძლება მივიჩნიოთ, რომ „პანორამა თბილისის" პროექტისადმი მომზადებულ პეტიციას 16 ორგანიზაცია და 3900-ზე მეტი ადამიანი შეუერთდა. ხელმომწერთა რაოდენობა კვლავაც იზრდება.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საია მიიჩნევს, რომ მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული „პანორამა თბილისის" პროექტისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის არსებობა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, უნდა გამოიყენოს - საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება, რომელიც იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება პირთა ფართო წრის ინტერესს ეხება, შესაძლოა გამოყენებული იქნეს საჯარო ადმინსტრაციული წარმოება", - აღნიშნულია საია-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ მოცემულ შემთხვევაში, „პანორამა თბილისის" პროექტის ფარგლებში (სოლოლაკის ქედი, ყოფილი ცეკავშირის შენობის ტერიტორია, ერეკლეს მოედანი) დაგეგმილი ობიექტების მშენებლობისა და ექსპლუატაციის ნებართვის გაცემის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების საჯარო წესით ჩატარება, ერთი მხრივ, გადაწყვეტილების მიღების მაღალ გამჭვირვალობას, ხოლო მეორე მხრივ ყველა დაინტერესებული პირის პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობას უზრუნველყოფს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის უკან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა "პანორამა თბილისის" წინააღმდეგ საკრებულოსთან აქცია გამართეს. ისინი აცხადებენ, რომ პროექტი საფრთხეს უქმნის ძველი თბილისის ისტორიულ ნაწილს და მისი შემუშავება საზოგადოების აზრის გათვალისწინების გარეშე მოხდა.